საპორტო ქალაქ მარსელს არაერთხელ უწოდეს საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ ქალაქი, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა და ზოგადად, კრიმინალი მძვინვარებს. თუმცა, ბოლო დროს მოგზაურობის სულ უფრო მეტი ექსპერტი და ბლოგერი მოუწოდებს ტურისტებს, ყურადღება მიაქციონ ამ ქალაქს.
გასართობი და კულტურული ცხოვრების შესახებ გამოცემა Time Out ცდილობს ახსნას, თუ რატომ გაიზარდა ინტერესი მარსელის მიმართ.
კომპანია Expedia-ს თანახმად, 2024 წელს სასტუმროების ვებსაიტების ძიების საფუძველზე, ივნისში, ივლისში და აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სეზონის განმავლობაში მარსელის მიმართ ბრიტანეთის ინტერესი 25%-ით გაიზარდა. ტენდენცია კიდევ უფრო მკაფიოა თვეების მიხედვით: ივნისში სასტუმროების ძებნა - 10%-ით, ივლისში - 20%-ით და აგვისტოში 35%-ით გაიზარდა.
გამოცემის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მარსელის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის სრულიად განსხვავდება სამხრეთ საფრანგეთის დანარჩენი ნაწილისგან.
„ელეგანტურად ჩაცმული ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც რივიერას მდიდრულ გარემოში როზეს სვამენ, მარსელი არის ჰიპ ადგილი, რომელიც სავსეა ელექტრონული მუსიკით, თავისი მრავალფეროვნების წყალობით (ისტორიულად ის აშენდა იტალიის, ესპანეთის და ჩრდილოეთ აფრიკის მოტივებზე).
სინამდვილეში, მარსელით დაინტერესების ზრდა კორონავირუსული პანდემიის დროს დაიწყო, როდესაც პარიზელებმა - ძირითადად მხატვრებმა, რესტავრატორებმა და დისტანციურმა მუშაკებმა - სამხრეთისკენ გამგზავრება დაიწყეს მზის, ზღვისა და ბუილაბეს თეფშებით სავსე ცხოვრების საძიებლად“,- აღნიშნავენ მასალის ავტორები.
მარსელის გაზრდილი პოპულარობა დიდწილად ასოცირდება სპორტთან, რადგან მისი შემოგარენი დიდი ხანია გახდა პოპულარული ადგილი გარე აქტივობების მოყვარულთათვის, კერძოდ, კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის. მაგრამ ამ ზაფხულს, მარსელი სავსე იყო გულშემატკივრებით, რომლებსაც სურდათ პარიზის ოლიმპიადაზე ნაოსნობის შეჯიბრებების მოწმენი ყოფილიყვნენ.
მასალის ავტორები აღნიშნავენ, რომ მრავალფეროვნებამ შეაღწია ქალაქის კულტურის თითქმის ყველა ასპექტში: მოდა, ხელოვნება, მუსიკა და სამზარეულო.