საქართველოში მოხმარებული ნავთობპროდუქტების თითქმის 100% იმპორტით კმაყოფილდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მოხმარებული ნავთობპროდუქტების თითქმის 100% იმპორტით კმაყოფილდება.

ამავე ცნობით, 2019 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილი მთლიან პირველად ენერგიის მიწოდებაში 28%-ით განისაზღვრა.

ნავთობპროდუქტების მოწოდება ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან, აგრეთვე ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, თურქმენეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ხორციელდება. ბოლო პერიოდში ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 1-1,1 მლნ ტონა ბენზინი და დიზელის საწვავია იმპორტირებული.

ნავთობპროდუქტების ძირითადი მომხმარებელი ქვეყანაში სატრანსპორტო სექტორია. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ბაზარი ემსახურება ქვეყნის საჰაერო სივრცეში ტრანზიტით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, აგრეთვე აეროპორტებსა და საზღვაო პორტებს.

საქართველო კასპიური ნავთობის სატრანზიტო ქვეყანაცაა. ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა შედგება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო (WREP) მილსადენებისგან. სატრანზიტო ნედლი ნავთობი უმეტესად აზერბაიჯანში იწარმოება, შედარებით მცირე რაოდენობით მოდის ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან.

საქართველოში მცირე მოცულობით ნედლი ნავთობის მოპოვებაც ხორციელდება. ქვეყანაში დღეისათვის ორი ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს.

განიხილება ნავთობის საგანგებო მარაგის შექმნა, რომლის სავალდებულო მოცულობა, არსებული კანონმდებლობის მოთხოვნის გათვალისწინებით, დაახლოებით 320−350 ათას ტონას უტოლდება და შეიძლება ძირითადად ნავთობპროდუქტების მომწოდებელი ან/დაგამყიდველი კომპანიების საცავების გამოყენებით განხორციელდეს.

ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოები მიმდინარეობს ლიცენზიატი კომპანიების მიერ, რომელთაც ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული აქვთ საძიებო ტერიტორიის სალიცენზიო ბლოკები. განსაკუთრებით პერსპექტიულად ფასდება აგრეთვე დაგეგმილი ძებნა-ძიების სამუშაოთა წარმოების გაგრძელება შავი ზღვის შელფზე.

ნათია ზარიძე