„უწყვეტი პროფესიული განვითარება აუცილებლია, მაგრამ სტომატოლოგების ნაწილისთვის პრობლემა უპგ ქულების მოპოვების დადგენილი ვადა და საჭირო თანხებია“

„უწყვეტი პროფესიული განვითარება (უპგ) აუცილებლია, მაგრამ ახლა ბევრი სტომატოლოგისთვის პრობლემა ქულების მოპოვების დადგენილი ვადა და საჭირო თანხებია“,- ამის შესახებ სტომატოლოგთა ასოციაციის და ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნუცა ზურაბიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, წელს ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგებისთვის პირველად განსაზღვრა ტენიკური რეგლამენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი 20 უპგ ქულის მოპოვების ვადა, რაც გარკვეული ნაწილისთვის პრობლემურია. ამასთან ერთად, ექიმების გარკვეული ნაწილისთვის ასევე რთულია საჭირო თანხების მობილიზება.

„შესაბამისი დადგენილება ახალი არაა, უბრალოდ, ახლა მთავრობამ განსაზღვრა კონკრეტული ვადა, სადამდეც სტომატოლოგები ვალდებული არიან, ტრენინგებსა და კონფერენციებზე დასწრებით დააგროვონ 20 უპგ ქულა. მე, როგორც მოქმედ სტომატოლოგს და კლინიკის ხელმძღვანელს, უწყვეტი პროფესიული განვითარება, რა თქმა უნდა, აუცილებლად მიმაჩნია. უბრალოდ, როგორც ჩანს, პრობლემა არის ვადა და ის თანხები, რომელთა გადახდაც ექიმებს მოუწევთ კონფერენციებზე დასასწრებად და ამ ქულების დასაგროვებლად. იანვრამდე რთული იქნება 20 უპგ ქულის დაგროვების მოსწრება და მეორეც, ეს კონფერენციები საკმაოდ ძვირი ჯდება.

კონფერენციაზე რეგისტრაცია სულ მცირე 350 ლარი, ხოლო საშუალოდ 500-დან 800 ლარამდე ჯდება. ექიმები აპროტესტებენ იმას, რომ ახლა ვინც ამ ქულებისთვის იბრძოლებს, მათ საკმაოდ დიდი დანახარჯები ექნებათ“,- აღნიშნა ნუცა ზურაბიანმა.

მისი თქმით, თუ მთავრობა გაითვალისწინებს ექიმების მდგომარეობას და ვადას გადაწევს, ეს რა თქმა უნდა, შეღავათი იქნება, მაგრამ ცოტა გაურკვეველია როგორ უნდა მოხდეს კონფერენციების ფინანსური ხელმისაწვდომობის რეგულირება.

„თავად ეს სისტემა მედიცინის ბევრ დარგში სავალდებულოა და სხვა სპეციალობის ექიმები დიდი ხანია გადიან ამ კონფერენციებს. ჩვენც, ჩემი კლინიკის ექიმები ყოველწლიურად გავდივართ შესაბამის კონფერენციებსა და ტრენინგებზე, უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის და ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

ყოველწლიურად სულ მცირე 10 კონფერენციას ვესწრებით და ჩვენთვის ეს არაფერია. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ექიმები, ვისთვისაც ეს საკითხი ფინანსურად და დროის თვალსაზრისით ახლა პრობლემურია. წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაავალდებულა უკვე სტომატოლოგები, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ აუცილებელია ჰქონდეთ დაგროვებული შესაბამისი რაოდენობის ქულები.

თუ სამინისტრო გაითვალისწინებს ექიმების მოთხოვნას და გადაწევს ვადას, ეს სტომატოლოგებისთვის, რა თქმა უნდა, შეღავათი იქნება. რაც შეეხება კონფერენციების ღირებულების რეგულირებას, ცოტა გაურკვეველია, როგორც უნდა მოხდეს ეს, როცა კერძო კომპანიები უცხოეთიდან იწვევენ სუპერპროფესიონალებს ამისთვის და ეს უჯდებათ, მაგალითად, 30 000 ევრო, როგორც უნდა დაავალდებულოს სამინისტრომ ისინი, რომ ეს იყოს უფასო. მაშინ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს გარკვეულწილად ინვესტირება ანუ სუბსიდირება, რაც რთული სათქმელია, რამდენად განხორციელებადია“,- განმარტა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ნათია ზარიძე