„მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს - მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ!“  - გიორგი ვაშაძე

მაგიდაზე რომ დევს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო - მინდა, მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! ვინ, ვინ და თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპაში უვიზო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ეს გამოაქვეყნეს ევროპელებმა და ეს თქვა ევროკავშირის ელჩმა.

„დღეს, მაგიდაზე რომ დევს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო. ერთხელ მაინც დაუსვით კითხვა ივანიშვილს კობახიძეს და სხვებს, რატომ იქცევიან მტრულად საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რატომ შეაჩერეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი? რა არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ იშვერთ ხელს, რუსული კანონი მიიღეს, ხალხს ქუჩაში თავ-პირი დაამტვრიეს, უმძიმეს ვითარებაში ჩააგდეს და ერთ კითხვას არ უსვამთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რატომ სჩადიან ამ ქმედებებს? რატომ შეაჩერეს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი? უვიზო მიმოსვლა დღეს რომ საფრთხის წინაშე არის, ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი და არაფერი სხვისი. ამიტომ თავი დაანებეთ ტყუილებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, გადადით ხალხის მხარეს, ყველა გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“, მათ შორის მედიას მოგიწოდებთ, რომ გაემიჯნეთ მათ დეზინფორმაციულ პროპაგანდას“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რითაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაზე. ამასთან, გიორგი ვაშაძემ ქართულ ბიზნესსაც მიმართა.

„მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! საქართველოს ეკონომიკა არის გაკოტრების პირას. ვინ, ვინ და თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ევროპული და ამერიკული დაფინანსებების შეჩერება. გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“, გადმოდით ხალხის მხარეს, აღარ არის ბიძინასთან თამაშის დრო იმიტომ, რომ ბიძინასთან თამაში ამ ქვეყანას დაამთავრებს გაკოტრებით“, - განაცხად გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის - თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა ელჩმა.