ქვეყნები, რომლებსაც ქართველი ტურისტები სამოგზაუროდ ირჩევენ

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 562 თასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3%-ით მეტია.

PMCG-ის კვლევის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეზიდენტების 39%-მა დანიშნულების ადგილად თურქეთი, ხოლო 18%-მა რუსეთი აირჩია. ამასთანავე, ქართველების 16%-მა სამოგზაუროდ ევროკავშირის ქვეყნებზე გააკეთა არჩევანი, ხოლო 12%-მა სომხეთზე.

უფრო კონკრეტულად, მეორე კვარტალში თურქეთში ვიზიტი 229 ათასმა პირმა განახორციელა, რუსეთში - 105 ათასმა, ევროკავშირში - 93 ათასმა, სომხეთში - 70 ათასმა, აზერბაიჯანში - 15 ათასმა, ხოლო სხვა ქვეყნებში 74 ათასმა პირმა იმოგზაურა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (32%-ით), ხოლო თურქეთში (3.3%-ით), სომხეთსა (11.5%-ით) და ევროკავშირში (0.6%-ით) განხორციელებული ვიზიტები შემცირდა.

„გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2024 წლის II კვარტალში 594 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 16%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დანახარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია, კერძოდ, დანახარჯების უდიდესი ნაწილი კვლავ საყიდლებს (38%), კვებასა (26%) და ტრანსპორტირებას (15%) უკავია.

2024 წელის II კვარტალში საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო მეგობრების ან ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 34%), რასაც მოსდევდა საყიდლები (33%)“, - ვკითხულობთ PMCG-ის კვლევაში.

მერი ტაბატაძე