„ეკოტურისტულ სტანდარტებში ჩამჯდარი მომსახურება ძალიან მწირია“ - რა გამოწვევებია საქართველოს ეკოტურიზმში

გარემოს დაცვა, პასუხისმგებლიანი მოგზაურობა ბუნებაში, ველურ ბუნებასთან სიახლოვე და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება „მწვანე ტურიზმის“ განუყოფელი ნაწილია. ეკოტურიზმი ხელს უწყობს დაცული ტერიტორიის გაუმჯობესებას, გარემოს შეცნობასა და მასზე ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას.

„საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030“-ში ვკითხულობთ, რომ „ეკოტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია ტურიზმის ინდუსტრიაში. დღეს ეკოტურისტული მოგზაურობების რიცხვი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზოგადად ტურიზმი“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკოტურიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტია დაცული ტერიტორიები, რითაც საქართველო მდიდარი ქვეყანაა. ამჟამად, ქვეყნის 13%-ზე მეტი დაცულ ტერიტორიებს უკავია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია. მათი საერთო ფართობი 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს.

ამასთან, დაგეგმილია ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის, გურიის ეროვნული პარკის შექმნა. გარდა ამისა, თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით უნდა გაიზარდოს. მიუხედავად დაცული ტერიტორიების სიმრავლისა, ეკოტურიზმის კუთხით გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. როგორია ამ კუთხით არსებული პრობლემები, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ილია ოქრომელიძეს ესაუბრა.

„ეკოტურიზმის კუთხით წინსვლა იყო იმ გაგებით, რომ დაიწერა საქართველოს ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგია, განისაზღვრა, რას ნიშნავს ეკოტურიზმი და როგორია სამოქმედო გეგმა 2030 წლამდე. წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ტურიზმის კანონში აისახა ეკოტურიზმი, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ჩვენ ვისურვებდით“, - განაცხადა ოქრომელიძემ.

როგორც მან დასძინა, ეკოტურიზმის კუთხით გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და საჭიროებს სათანადო გადაწყვეტას. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა.

„ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და ეკოტურისტულ სტანდარტებში ჩამჯდარი მომსახურება საქართველოში ძალიან მწირია. რთულია ბიზნეს ოპერატორებისთვის სრულად დაექვემდებარონ ეკოტურისტულ სტანდარტებს, რათა მათი საქმიანობა ნაკლები ზიანის მომტანი იყოს გარემოსთვის. წინსვლა გვაქვს იმ მხრივ, რომ უფრო მეტი ობიექტი ინტერესდება თავისი საქმიანობის ეკოტურისტული მიმართულებით განვითარებით“, - აღნიშნავს ილია ოქრომელიძე.

მიუხედავად აღნიშნულისა, ეკოტურიზმის ასოციაციაში განმარტავენ, რომ სექტორში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით კი დაცულ ტერიტორიებში.

„მთავარი გამოწვევაა ის, რომ ძირითადად ინფრასტრუქტურა წარმოდგენილია მარკირებული მარშრუტებით ან სათავგადასავლო ატრაქციებით და მოკლებულია მთავარ ორ კომპონენტს, რომელსაც ეკოტურიზმი გულისხმობს, ეს არის შემეცნება და ადგილობრივი თემის ინტეგრაცია ასეთ ტურისტულ საკითხებში“, - განაცხადა ილია ოქრომელიძემ.

მაგალითისთვის, მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთია იმ ეკოტურისტულ ადგილებში, სადაც ინფრასტრუქტურა მცირედაა წარმოდგენილი. „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, რომ მთავრობამ „მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მტირალას პარკს არ გააჩნია ვიზიტორთა ცენტრი.

დადგენილების დანართში ვკითხულობთ, რომ მტირალას ყოფილი ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს, 2020 წლის მაისიდან გაიჯარებულია და გადაკეთებულია 8-ოთახიან სასტუმროდ. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ტურისტული ცენტრის მოწყობის შესაძლებლობის მოკვლევას ახორციელებენ.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე წლის აპრილში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. წელს დასრულდება 15 დაცულ ტერიტორიაზე 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც 30 მლნ. ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ასევე წელს სულ მცირე 10 ლოკაციაზე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რისთვისაც 10 მლნ. ლარი იქნება გამოყოფილი.

მერი ტაბატაძე