თელავი უნდა გახდეს ღვინის ერთ-ერთი დედაქალაქი , - ამის შესახებ "ძმიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძემ ისაუბრა აღნიშნულ გეგმაზე და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის აწევა და ფასის ზრდა.
"ქართული ღვინო გავიდეს მსოფლიო ბაზარზე - ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად შეიცვალოს მიდგომა დაფინანსების, სუბსიდირების. გვჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია, მეორე, ხარისხის აწევა. ნომერ პირველი ამოცანაა, რომ სუბსიდირების თანხა ერთ კილო ყურძენზე გაიზარდოს და ფასის მიხედვით, ავიდეს 2 ლარამდე ერთ კილოგრამ ყურძენზე. მივაღწევთ ხარისხის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ღვინო იწყება ხარისხიდან, მივაღწევთ იმ სტანდარტს, რომელიც სჭირდება ძალიან დიდ ბაზარს, ეს არის ევროპული ბაზარი, სადაც ყველაზე ძვირად შეგვიძლია გავყიდოთ ქართული ღვინო და რაც ყველაზე მთავარია, საკმაოდ სერიოზული ინვესტირება უნდა მოხდეს ქართული ღვინის ბაზრების ათვისებაში. თელავი უნდა გახდეს ღვინის ერთა-ერთი დედაქალაქი. ჩვენ გვაქვს ეს გეგმაში და პროგრამაში, თელავში უნდა იყოს პირდაპირი ფრენები, საერთაშორისო აეროპორტის დონეზე უნდა გადაკეთდეს თელავის ინფრასტრუქტურა და ჩვენ კონკურენციას უნდა ვუწევდეთ ბორდოს მხარეს, ნაპაველის, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო. ჩაკეტილი ციკლია შექმნილი, სადაც გლეხი, რომელიც ლარად აბარებს ყურძენს არის ზარალში, ის ფულს ვერ გამოიმუშავებს. და სანამ ფულს ღვინოში, მევენახეობაში, საიდანაც იწყება ეს ყველაფერი, არ იქნება დამატებითი ღირებულების შექმნა შესაძლებელი, ეს დარგი ფეხზე ვერ დადგება", - აცხადებს ხაზარაძე.