ევროკავშირში დასაქმებულები კოლეგების ხელფასის გაგებას შეძლებენ

ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებულებს 2026 წლიდან გარანტირებული შესაძლებლობა ექნებათ, იმავე სამუშაოს შემსრულებელი კოლეგების ხელფასის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს. ინიციატივის მიზანი ანაზღაურებაში გენდერული სხვაობის შემცირებაა.

დასაქმებულებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ და გადახედონ კოლეგების ხელფასს, თუკი ამ მხრივ დისკრიმინაციას იეჭვებენ. უფრო მეტიც, დამსაქმებლებს მოუწევთ ახსნან, თუ რა კრიტერიუმები მოქმედებს ხელფასის ოდენობაზე.

დამსაქმებლებს, ასევე, მოეთხოვებათ, ვაკანსიის შესახებ განცხადებაში ხელფასის დიაპაზონი მიუთითონ. ამჟამად მსოფლიოში ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას სამუშაო შეთავაზებების მხოლოდ 12.6% შეიცავს.

ამასთან, გასაუბრების დროს დამსაქმებლებს აეკრძალებათ, კანდიდატები წინა სამუშაო ხელფასის შესახებ გამოკითხონ.

ცნობისთვის: საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ. ევროკავშირში ხელფასებზე გენდერული სხვაობა 12,7%-ს შეადგენს, ანუ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, საათში, საშუალოდ, 12,7%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. რუსეთში 2023 წელს ქალების საშუალო შემოსავალი, მამაკაცებთან შედარებით, ერთი მესამედით, 33%-ით დაბალი იყო, ხოლო აშშ-ში ქალები მამაკაცებზე, საშუალოდ, 22%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ