კომერციული მომხმარებლებისთვის ექვს წელში გაზის ტარიფი 72%-ით გაძვირდა - კვლევა

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ბოლო წლებში ბუნებრივი აირის ფასის ზრდის ტენდენციის შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომერციული მომხმარებლებისთვის 6 წელიწადში გაზის მოხმარების ტარიფი 54 თეთრით (72%-ით) გაიზარდა.

„2007 – 2012 წწ გაზის დადგენილი ტარიფი არ შეცვლილა.

2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", მოსახლეობას გაზის ტარიფების 1/3-ით შემცირებას ჰპირდებოდა. 2017 წელს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს.

2018 წლიდან იწყება გაზის გაძვირების პროცესი.

2018 წლის სექტემბრიდან - 2024 წლის იანვრის ჩათვლით, გაზის ტარიფი 6 ჯერ შეიცვალა, აქედან 5 ჯერ გაიზარდა და მხოლოდ ერთხელ შემცირდა.

-2018 წლის სექტემბერში თუ კომერციული გაზის ტარიფი 1 მ 3 ზე 75 თეთრს შეადგენდა 2024 წლის იანვრისათვის 1.29 თეთრით განისაზღვრა, ფაქტობრივად გაძვირებამ 1მ 3 ზე 54 თეთრი (72%) შეადგინა.

2018 წელი - არსებული ტარიფი 75 თეთრი, გაიზარდა 5.5 თეთრით, მიაღწია 80.5 თეთრს.

2019 წელი - არსებული ტარიფი 80.5 თეთრი გაიზარდა 86 თეთრამდე, ზრდამ შეადგინა 5.5 თეთრი.

2021 წელი - არსებული ტარიფი 86 თეთრი გაიზარდა 1.10 ლარამდე, გაიზარდა 24 თეთრით.

2022 წელი - არსებული ტარიფი 1.10 ლარი გაიზარდა 1.35 ლარამდე (რეგიონებში 1.38 ლარამდე), გაიზარდა 25 თეთრით.

2023 წელი - არსებული ტარიფი 1.35 ლარიდან შემცირდა 11 თეთრით და 1.24 თეთრი შეადგინა. (რეგიონებში 1.38 ლარიდან - 1.25 ლარამდე);

2024 წელი (იანვარი) - არსებული ტარიფი, რეგიონებში 1.25 ლარიდან იზრდება 1.29 ლარამდე, ზრდა 4 თეთრი.

გ ა ძ ვ ი რ ე ბ ი ს მ ი ზ ე ზ ე ბ ი - ხშირ შემთხვევაში, გაძვირების ძირითად მიზეზად, ეროვნული ვალუტის კურსის დოლართან მიმართებით ცვლილება წარმოადგენდა, გარდა ამისა, გაძვირების მიზეზად სახელდებოდა მოძველებული გამანაწილებელი ქსელების აღდგენაზე გაწეული ხარჯები.

რაც შეეხება, 2023 წელს ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირებას, ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეემცირებინა არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.

ისმის კითხვა, რამდენად თანაწონადი იყო, ლარის გაუფასურების და გამყარების შედეგად დაწესებული ტარიფი?

ხუთ შემთხვევაში, როდესაც ლარის გაუფასურების მიზეზით, იზრდებოდა გაზის ტარიფი მაშინ გაძვირების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 64 თეთრი (5.5 + 5.5 + 24 +25 + 4).

ერთ შემთხვევაში - როდესაც ლარის გამყარების მიზეზით, შემცირდა გაზის ტარიფი, მაშინ შემცირებამ შეადგინა 11 თეთრი. მარტივი გამოსათვლელია, რომ 64 – 11 = 54 თეთრი.

დ ა ს კ ვ ნ ა - ფაქტობრივად, ლარის მერყეობის (გაუფასურება - გამყარება) ტენდენცია სახელმწიფომ გამოიყენა თავის სასიკეთოდ და არა მოსახლეობის სასიკეთოდ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერი ტაბატაძე