„სითი ინსტიტუტი საქართველო“ საგურამოსა და მიმდებარედ არსებული 12 დასახლების, ასევე ჭოპორტისა და ახატანის სივრცის დაგეგმარებაზე მუშაობს. პროექტი აქცენტს აკეთებს საპროექტო ტერიტორიების სააგარაკე დანიშნულებაზე. კვლევის ნაწილზე მუშაობისას ადგილზე რიგი გამოწვევები გამოიკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი სამუშაო ძალის გადინებაა.
პროექტის კოორდინატორი ოთარ მჭედლიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისთან ახლო მდებარეობა თავისთავად განაპირობებს სამუშაო ძალის გადინებას. მისი თქმით, საპროექტო არეალის მოქალაქეები ძირითადად ყოველდღიურად მიგრაციას ახორციელებენ. ისინი სამუშაო ჩადიან დედაქალაქში, საღამოს კი ბრუნდებიან, რაც სატრანსპორტო კუთხით პრობლემურია.
„თბილისის მიმდებარედ არსებული ტერიტორიები, რომლებიც 1 საათის სამანქანო გზაზე მდებარეობს, ძალაუნებურად ეკონომიკურად მიბმულები არიან დედაქალაქზე. აგლომერაციული ზეგავლენა ყოველთვის მზარდია ხოლმე, თბილისი მილიონზე მეტის საცხოვრებელი ადგილია და მისკენ მიზიდულობის ძალა სულ ძლიერია.
საგურამოს დასაქმების ძირითადი სფეროები არის რამდენიმე საწარმო, ლუდის და წვენების საწარმო, ჩაის საწარმო, ეთერსპირტის საწარმო, პატარა მარნებია, ხეხილსანერგე მეურნეობა, მაგრამ მასზე ასეთი დასაქმების დიდი ბირთვი არ მოდის, უმეტესად მაინც თბილისი იღებს თავის თავზე დასაქმების მიზიდულობას.
ეს ცალკე პრობლემას ქმნის იმიტომ, რომ წარმოიქმნება ყოველდღიური მიგრაცია, რომელიც დილით ნაკადებს მიმართავს თბილისისკენ და საღამოს უკან ბრუნდებიან. ამას ემატება დამსვენებლებიც. ეს საკმაოდ პრობლემურია სატრანსპორტო კუთხით, მით უმეტეს, რომ სატრანსპორტო ქსელი მოიკოჭლებს და მანქანაზე მიბმული გადაადგილება გვაქვს. ამას გვერდს ვერ ავუვლით, თბილისის მიზიდულობას ვერაფერს ვერ ვუზამთ“, - განაცხადა ოთარ მჭედლიშვილმა.
ცნობისთვის, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სივრცითი დაგეგმარების კონცეფციის ეტაპზეა. რის შემდეგად კონცეფცია დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტს წარდგინება, შემდეგ კი საბოლოო ვერსია შემუშავდება.