„დეფიციტი მოიხსნა და ფასმა დაიწყო კლება“ - რა ღირს თხევადი გაზი საქართველოში

„სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით თხევადი გაზი დეფიციტში რჩებოდა და ფასი იზრდებოდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ხოფერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში ბაზარზე მდგომარეობა დასტაბილურდა და ფასმა კლება დაიწყო.

„თხევადი გაზის ბაზარზე ახლა უკვე ნელ-ნელა დასტაბილურდა მდგომარეობა. დეფიციტი მოიხსნა და ფასმა დაიწყო კლება. ამჟამად ფასი დაახლოებით 1.60 - 1.70 ლარის ფარგლებშია, თუკი ვინმეს აქვს შემორჩენილი დეფიციტური საქონელი, შესაძლოა, მათ მეტი ჰქონდეთ.

დეფიციტის ბევრი ფაქტორი იყო, პირველი ის, რომ დაზიანებული იყო რუსეთის დიდი ქარხნები აფეთქების გამო, მეორე, ტურისტულ სეზონზე ყოველ წელს არის შეფერხებები, რადგან მოხმარება იზრდება და მესამე, ქარხნებში მიმდინარეობდა რემონტი“, - განაცხადა ნიკოლოზ ხოფერიამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში გათხევადებული გაზის იმპორტი წლიურად 19%-ით შემცირდა. გასული წლის 8 თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 6.279 მილიონი დოლარის ღირებულების გათხევადებული გაზი, წელს იმავე პერიოდში კი 7.475 მილიონი დოლარის ღირებულების.

იხილეთ ასევე: რატომ ძვირდება თხევადი გაზი? – „იმპორტიორებს განუსაზღვრელი დროით აჩერებენ საბაჟოზე“

მერი ტაბატაძე