საქართველოში კაკაოს მარცვლის იმპორტი განახევრდა - როგორია ფასი გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებზე

გლობალურ ბაზრებზე კაკაოს ფიუჩერსების ფასი აგვისტოს ბოლოს ზრდის შემდეგ კვლავ მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათზე, ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკაოს მარცვლის ფიუჩერსები ტონაზე 7 738 დოლარად ივაჭრება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბაზრებზე ფასი თვიურად 19.9%-ით არის შემცირებული, წლიურად ღირებულების მნიშვნელოვანი, 113.6%-იანი ზრდა ფიქსირდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის კაკაოს მარცვალს ყიდულობს საქართველო და როგორ შეიცვალა საიმპორტო ფასი.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში კაკაოს მარცვლის იმპორტი თითქმის განახევრდა. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 4 140 აშშ დოლარის 400 კგ მარცვალი იყიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 8 500 დოლარის ღირებულების 1.2 ტონა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების თანახმად, საქართველო კაკაოს მარცვალს სამ ქვეყანაში - ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ბულგარეთში ყიდულობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კაკაოს მარცვლის იმპორტი 45%-ით გაუძვირდა. გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი 7.14 დოლარი იყო, წელს კი 10.35 დოლარამდეა გაზრდილი. ფასი მითითებულია გადასახადების გარეშე.

შეგახსენებთ, კაკაოს საბირჟო ფასებმა 46-წლიან მაქსიმუმს ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში მიაღწია, რა დროსაც ნიუ-იორკში კაკაოს ფიუჩერსები 1977 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასში იყიდებოდა, რაც ტონაზე 4 200 დოლარს აღემატებოდა. Bloomberg-ის გამოთვლით, ამ ფასად დაახლოებით 50 ბარელი ნავთობის ყიდვა იყო შესაძლებელი. ამასთანავე, Tradingeconomics-ის მიმდინარე წლის 19 აპრილის მონაცემებით, კაკაოს ფიუჩერსების რეკორდულად მაღალი ფასი, ტონაზე 12 261 დოლარი დაფიქსირდა.

მერი ტაბატაძე