გზებზე გამონაბოლქვზე დახარვეზებულ ავტომობილებს შესაძლოა, ტექინსპექტირების გავლის ვალდებულება გაუჩნდეთ

„გზებზე გამონაბოლქვზე დახარვეზებულ ავტომობილებს ტექინსპექტირების გავლის ვალდებულება შესაძლოა, გაუჩნდეთ,“ - ამის შესახებ „თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმაშია აღნიშნული.

დოკუმენტში გაწერილია რამდენიმე პუნქტი, რაც თბილისის აგლომერაციაში აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევების შემცირებას ემსახურება. რიგ შემთხვევებში საჭიროა, საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელებაც.

„გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის ფარგლებში დახარვეზებული ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულების შემოღება.

თბილისში გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის ინტენსივობის გაზრდა. ამ მიზნით შესაბამისი საზომი მოწყობილობით აღჭურვილი დამატებით სულ მცირე 2 ეკიპაჟის აღჭურვა.

თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გამზომი დისტანციური ხელსაწყოების დამონტაჟება. სულ მცირე 3 ხელსაწყო უნდა დამონტაჟდეს,“ - გაწერილია გეგმაში.

ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, უნდა მოხდეს კატალიზური კონვერტორის ამოღების მავნე პრაქტიკის შემცირების გზების იდენტიფიცირება და ამის შესახებ სპეციალური ანგარიში უნდა მომზადდეს.

თაია არდოტელი