საქართველოში ათასობით რუსულ კომპანიას იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული, - ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, კომპანიების იურიდიული მისამართები, რომ ფიქტიურად არის მითითებული ამას მოწმობს საქმიანობის სფეროებიც, რომლითაც კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირები არიან დაკავებული.
მაგალითისთვის, კვლევის ავტორების ცნობით, მთლიანად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული რუსული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებიიდან ყველა - 451-ვე საწარმო სოფელ ხვანჭკარაშია რეგისტრირებული.
„ყველა მათგანი 2022 წლიდან დარეგისტრირდა, აქედან შპს-ს სტატუსი მხოლოდ 9 აქვს, დანარჩენი 437 კი ინდივიდუალური მეწარმეა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 1-ლი აგვისტოს მონაცემებით, ჯამში 1 355 ბიზნეს სუბიექტია აქტიური სტატუსით, გამოდის, რომ მათგან თითქმის ყოველი მესამე რუსულია. რეგისტრირებული რუსული კომპანიების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია - იდივიდუალური მეწარმეებიდან ყველაზე მეტის, თითქმის 70%-ის საქმიანობის სფერო IT მიმართულებაა. ეს მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემებით, მითითებულ იურიდიულ მისამართზე შენობაც კი არ დგას,“- ნათქვამია კვლევაში.
IDFI-ს ცნობით კი, რუსეთის მოქალაქეების მიერ ხვანჭკარაში რეგისტრირებული კომპანიები შემდეგ საქმიანობებს ეწევიან:
„აღნიშნული კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში - მონაწილეობენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესში, სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში - რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონ ლარს იღებენ. მხოლოდ აღნიშნული კვლევის ფარგლებში მიკვლეულ კომპანიებსა და მათთან დაკავშირებულ შვილობილ კომპანიებს, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული,” - ვკითხულობთ კვლევაში.