გერმანიის, პორტუგალიისა და ავსტრიის ქალაქები 2026 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქის წოდებისთვის იბრძოლებენ. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ქალაქებზე ჰაილბრონი (გერმანია), ჰიმარაინში (პორტუგალია) და კლაგენფურტ-ამ-ვერტერზე (ავსტრია).
ცნობილია, რომ ჰაილბრონმა განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა გეგმა ხმაურიანი დაბინძურების წინააღმდეგ. ქალაქში ხმაურის მონიტორინგის კომპლექსური სისტემა არსებობს, კონკრეტულად კი, ქალაქზე გამავალი გზები აღჭურვილია ხმაურის დამხშობი ბარიერებით, ხოლო აქტიურად მიმდინარეობს ელექტროსადგურების გადაწყობა, რათა მათ უფრო ჩუმად იმუშაონ.
ჰიმარაინში ფინალისტების სიაში წრიული ეკონომიკისადმი მისი ერთგულების გამო მოხვდა. მაგალითად, ქალაქის ღონისძიებებზე აკრძალულია ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება. გარდა ამისა, ქალაქი ყურადღებით ეკიდება სუფთა წყლის რაციონალურ მოხმარებას.
კლაგენფურტ-ამ-ვერტერი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით დაწინაურდა. მერიის გეგმაშია, ქალაქის კურიერები ელექტროსატვირთო ველოსიპედებზე გადაიყვანოს.
ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტული ევროკომისიის მიერ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა 100 ათასზე მეტია, 2010 წლიდან ენიჭება. საერთაშორისო ჟიურიში შედიან მდგრადი განვითარების სფეროს ექსპერტები. კანდიდატი ქალაქები ფასდება 12 კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის არის: ჰაერისა და წყლის ხარისხი, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, მწვანე ურბანული ტრანსპორტის განვითარება და მდგრადი განვითარება.
2025 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქის სტატუსი ვილნიუსს ერგო.