„ტრანსპორტი ყველა დასახლებაში არ მიდის“ - რა პრობლემებია საგურამოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა დასახლებაში არ მიდის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ საგურამოსა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების პროექტის კოორდინატორმა ოთარ მჭედლიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ საგურამოსა და მიმდებარედ არსებული 12 დასახლების, ასევე ჭოპორტისა და ახატანის სივრცის დაგეგმარებაზე მუშაობს. პროექტი აქცენტს აკეთებს საპროექტო ტერიტორიების სააგარაკე დანიშნულებაზე. კვლევის ნაწილზე მუშაობისას ადგილზე რიგი გამოწვევები გამოიკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი სატრანსპორტო მიმართულება.

ჩვენთან საუბრისას მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ შესწავლილი არეალის უმეტესი ნაწილიდან მცხეთის მუნიციპალურ ცენტრამდე ტრანსპორტი რეგურალურად არ დადის.

„ყველა სოფელში სათითაოდ მივედით და აღვწერეთ არსებული მდგომარეობა, შევისწავლეთ სოციალური ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების, ჯანდაცვის ობიექტების მდგომარეობას და მათ ხელმისაწვდომობას, მაგალითად 15 წუთიან ფეხით სავალზე რამდენად დაფარვადია სკოლები და ბაღები.

გამოვლინდა პრობლემატურად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ყველა დასახლებაში არ მიდის, მეორე, არც ერთი დასახლებიდან მცხეთის მუნიციპალურ ცენტრამდე არ მიდის ტრანსპორტი. ახატანს და ჭოპორტს კვირაში რამდენჯერმე აქვს მსგავსი ტრანსპორტი, მაგრამ დანარჩენ ადგილებში არ არის და მოსახლეობისგან მოთხოვნაც არის, რომ იქნებ როგორმე დაინერგოს.

ეს ყველაფერი რეკომენდაციებში ავსახეთ და ამის შესაძლებლობებიც განვიხილეთ, გაკეთდა ეკონომიკური ანალიზი, ამან გამოავლინა, რომ შესაძლებელია გამოინახოს სოციალური პროექტებისთვის თანხები“, - განაცხადა ოთარ მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სივრცითი დაგეგმარების კონცეფციის ეტაპზეა. რის შემდეგად კონცეფცია დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტს წარდგინება, შემდეგ კი საბოლოო ვერსია შემუშავდება.

მერი ტაბატაძე