დავით უსუფაშვილი - მე ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ვიცნობ, რომლებიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვენ

მე ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ვიცნობ, რომლებიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა: „ეთანხმება, ან ითხოვს თუ არა ისიც არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, სავიზო რეჟიმის შეჩერებას, სანქცირებას“. უსუფაშვილის განმარტებით, პოლიტიკოსები და ექსპერტები ხელისუფლებას რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებენ.

„მე ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ვიცნობ, რომლებიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვენ. მე ვიცნობ ძალიან ბევრ პოლიტიკოსს, ექსპერტს და არასამთავრობო ორგანიზაციასაც, რომლებიც ძალიან დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ევროკავშირის პოლიტიკაში, იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ევროკავშირს ასე განუდგება, მტრად მოიხსენიებს და ასეთი დამოკიდებულება აქვს, ევროკავშირი ზომებს იღებს ხოლმე. ამ ჩამონათვალში დიახ, არის იმის უკან წაღება, რაც მოგვცა. ეს არის რეალური ხიფათი, მე არ ვიცნობ ისეთ ქართველს, რომელიც ამას ითხოვს, ქართველებს იქ სიარული აუკრძალეთო, მე ვიცნობ ბევრს, ვინც ხელისუფლებას ეუბნება, აქეთ მიგყავთ საქმე და შესაძლოა, ასეც მოხდესო. მე მინდა, რომ ეს არ მოხდეს. 26 ოქტომბრის მერე, ეს რომ არ მოხდება, ნამდვილად ვიცი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.