„მთავრობა რისკების სამართავად საერთოდ არ იყენებს დაზღვევას“  - როგორია ქართული სადაზღვევო ბაზარი

საქართველოში სადაზღვევო სექტორი ნელი ტემპით ვითარდება. ერთადერთი მიმართულება, სადაც დაზღვეულების რაოდენობა შედარებით დიდია, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევაა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტ დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მთავრობა თავისი რისკების სამართავად საერთოდ არ იყენებს დაზღვევას.

საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული იყო 19 სადაზღვევო კომპანია. 6 თვის განმავლობაში მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 145 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 67 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 6 თვეში ქვეყანაში 18 სადაზღვევო ფუნქციონირებდა, ჯამური წმინდა მოგება კი 34.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

„სადაზღვევო მოცვა იზრდება, მაგრამ იზრდება ნელა. ერთადერთი, სადაც დაზღვეულთა რაოდენობა დიდია, არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანმრთელობის დაზღვევა 700 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციებია ძალიან დიდი.

ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში ძლიერად არის განვითარებული, მაგრამ დანარჩენ სექტორებში მოვიკოჭლებთ, თუნდაც ავტომობილებისა და ქონების კუთხით. როდესაც ქონების დაზღვევა არის ძალიან მცირე, ეს ნიშნავს იმას, რომ რამე რომ ხდება, ადამიანი თუ კომპანია არის დაუცველი. მთელი მსოფლიო ისწრაფვის იმისკენ, რომ მსგავსი ხვრელები არ იყოს და დაზღვევის მექანიზმებით უზრუნველყოფილი იყოს პროგნოზირებადობა და დაცულობა“, - აღნიშნავს ხეჩინაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა საკუთარი რისკების სამართავად კერძო დაზღვევას ძირითადად არ იყენებს.

„სრულიად უნიკალური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, მთავრობა, ფაქტობრივად, თავისი რისკების სამართავად საერთოდ არ იყენებს დაზღვევას, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა არის ამის საუკეთესო მაგალითი.

ჩვენ, ფაქტობრივად, არც ერთი მსხვილი სავალდებულო დაზღვევა არ გვაქვს ქვეყანაში, ამის ფონზე სექტორი ვითარდება. დაახლოებით წელიწადში 15-18%-ით იზრდება სადაზღვევო საქმე. ეს არის მეტი, ვიდრე კერძო სექტორის საშუალო ზრდაა საქართველოში. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით დაცულობა ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების არის უფრო დაბალი, ვიდრე განვითარების გზაზე მდგომ ქვეყნებშია“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მერი ტაბატაძე