ახალი ზელანდია რუსეთსა და ბელარუსს სანქციებს უწესებს

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პიტერსმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

„სანქციების ეს რაუნდი მიმართულია რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანონო ოკუპაციის მონაწილეების, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და ბელარუსის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას. რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანონო ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ახალი ზელანდია კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და დაუყოვნებლივ დატოვოს უკრაინის ტერიტორია“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ახალი სანქციები მიმართულია ხუთი კერძო პირისა და ექვსი ორგანიზაციის წინააღმდეგ.

ამასთან, ახალი ზელანდიის ხელისუფლებას ჯერ არ განუახლებია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სია, რომელთა მიმართაც დაწესებული ზომები მოქმედებს.