„არა მარტო იანდექსი, ნებისმიერი რუსული აპარატურა, პროგრამა და აპლიკაცია საფრთხის შემცველია საქართველოსთვის,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე წერს.
გოცირიძე ამ პოსტით ეხმაურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დადასტურდა Yandex GO / Yandex Pro-ს მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი.
„როგორც იქნა, ოფიციალურად დაადასტურეს ის, რაც აქამდეც ვიცოდით და ვამბობდით ყველა შესაძლო არხით. სამწუხაროა, რომ ოფიციალური უწყების მხრიდან აქამდე არც ერთი მინიშნება ან გაფრთხილება არ ყოფილა რუსულ მოსალოდნელ საფრთხეზე.
რა ხარისხის და რა ეფექტის მქონე სპეცოპერაცია შეიძლება დაიგეგმოს მობილურ მოწყობილობებზე კიბერშეტევის შედეგად, ეს ჰეზბოლას წინააღმდეგ განხორციელებულმა ღონისძიებამაც აჩვენა. აქ კითხვა მხოლოდ ის არის, აქვს თუ არა რუსეთს ჩვენს მიმართ მტრული განზრახვა და შესწევს თუ არა მსგავსი კიბეროპერაციის ჩატარების უნარი. ორივე შეკითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ, დადებითია.
კიდევ ერთხელ, არა მარტო იანდექსი, ნებისმიერი რუსული აპარატურა, პროგრამა და აპლიკაცია საფრთხისშემცველია საქართველოსთვის. ის აგროვებს და ФСБ-ს (რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური) გადასცემს მონაცემებს, მიმოწერას, ფაილებს, სურათებს, კოორდინატებს, ყველაფერს, რაც კომპრომეტაციისთვის, თვალთვალისთვის ან ტერორისტული აქტისთვისაა აუცილებელი და საკმარისი“, - წერს ანდრო გოცირიძე.
შეგახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex GO-სა და Yandex Pro-ს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის ფაქტზე, კომპანია „რაიდტექ ჯორჯია“ დააჯარიმა. შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა.