რატომ დააჯარიმა ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 26 000 ლარით

ეროვნულმა ბანკმა სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ ჯამში, 26 000 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის მიერ გავრცელებულ განმარტებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის დაჯარიმება გამოწვია შემდეგმა დარღვევებმა:

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 4,000 ლარი.

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ განხორციელებულა ხელმძღვანელობისგან, პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მოპოვება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით.

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული რისკის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 6,000 ლარი.

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ორ კლიენტთან მიმართებით არ არის დადგენილი საქმიანი ურთიერთობის არსი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 4,000 ლარი.

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 10,000 ლარის ოდენობით.

შედეგად, სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 26,000 ლარის ოდენობით.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის შემადგენლობაში: არიან ზურაბ ქოქოსაძე, ირაკლი კირტავა და ანა კოსტავა. დირექტირია - ვახტანგ აროშიძე.

ნინი ქეთელაური