ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც საქართველოში კაკაოს მარცვალი შემოაქვთ

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში კაკაოს მარცვლის იმპორტი თითქმის განახევრდა. წელს ქვეყანამ 4 140 აშშ დოლარის 400 კგ მარცვალი იყიდა, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 8 500 დოლარის 1.2 ტონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კაკაოს მარცვლის იმპორტი გაუძვირდა. გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი 7.14 დოლარი იყო, წელს კი 10.35 დოლარამდეა გაზრდილი. ფასი მითითებულია გადასახადების გარეშე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის შემოაქვს კაკაოს მარცვალი ქვეყანაში. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კაკაოს მარცვლის იმპორტს 4 კომპანია ახორციელებს: სს „ნიკორა ტრეიდი“, შპს „მანგოფტუტ“, შპს „ორგანიკა“ და „სილქ გასტრონომი“.

სამეწარმეო რეესტრისა და Reportal.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები:

Reportal.ge-ზე არსებული ბოლო მონაცემებით, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი თემურ ალექსანდრიაა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სუხიაშვილი. „ნიკორა ტრეიდის“ აქციონერები და მათი წილები ასე გამოყურება: „ნიკორა“ - 96.59%; სხვა აქციონერები - 3.41%.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, „მანგოფტუტ“ 2024 წელს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი ირაკლი საპანაძეა. საპანაძევე ფლობს კომპანიის 100%-იან წილს.

„ორგანიკა“ 2016 წელს არის დაფუძნებული. სამეწარმეო რეესტრში კომპანიის დირექტორად უკრაინის მოქალაქე ანნა დიაგილევა ფიქსირდება. „ორგანიკას“ წილებს სრულად დიაგილევა ფლობს.

2019 წელს რეგისტრირებული კომპანიის, „სილქ გასტრონომის“ დირექტორი ლუიზა ბერიანიძეა. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის წილებსაც სრულად ბენიანიძე განკარგავს.

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

მერი ტაბატაძე