გიორგი ვაშაძე - ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 1-ელი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 1-ელი დეკემბრიდან ყველა საპენსიო სესხი განულდება და პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „პენსიონერებს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევთ“.

„384 000 -ზე მეტი პენსიონერი იხდის საპენსიო სესხს, იხდის ვალს “ლიბერთი ბანკის” კაბალურ პირობებში. ყოველთვიურად მათ უწევთ 70-80-90 ლარის გადახდა საკუთარი, ისედაც მცირე პენსიიდან. ამიტომ, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 1-ელი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება, არცერთ პენსიონერს არ მოუწევს „ლიბერთი ბანკისთვის“ ამ ფულის გადახდა. წლებია ამ საკითხზე ვიბრძვით, მაგრამ “ოცნებას” სცალია ყველაფრისთვის, მაგრამ არ სცალია პენსიონერებისთვის.

პენსიონერებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ 1-ელი დეკემბრიდან აღარ მოგიწევთ საპენსიო სესხის პროცენტის გადახდა, ის 70-80-90 ლარი დაგრჩებათ თქვენ და აღარ მოგიწევთ ამის გადახდა. რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს”, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, პენსიონერების ძარცვას შევაჩერებთ და ამ მძარცველ ბანკს აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს იმ მძიმე პირობებისთვის, რაც პენსიონერებს შეუქმნეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 1000 ლარიანი პენსია, რომელსაც მივაღწევთ ევროკავშირიდან 14 მილიარდი დაფინანსების მოზიდვის შემდეგ. ყველა პენსიონერს უფასო მედიკამენტები ექნებათ. პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.