რა ნაბიჯები გადაიდგმება, თუ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები, 5 დღის ვადაში ფინანსურ ანგარიშებს არ წარადგენენ

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი განმარტავს, რა ნაბიჯები გადაიდგმება, თუ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები, ბიუროს გადაწყვეტილებისამებრ, 5 დღის ვადაში ფინანსურ ანგარიშებს არ წარადგენენ.

მისი განცხადებით, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.

„თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ეს სამწუხარო იქნება. მე დამჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს - მონიტორინგით. კანონი გვაძლევს საშუალებას, გამოვითხოვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ საქმეს სჭირდება. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის ანგარიშები“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც „უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება“.

„შეხვედრები, რომ ევროპა რა კარგია, რა თქმა უნდა, ნორმალურია. ამავდროულად, ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება - მე შეიძლება მომწონდეს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია და არ მომწონდეს სხვა. მაგრამ როდესაც თანხას იხდი იმ აქტივობებში, რაც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ, ამავდროულად კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში თავის შეკავებისკენ, ამას არეგულირებს კანონი. კანონი აწესებს, რომ თუ ამ საქმიანობაში ხართ, ვალდებული ხართ, ამ საქმიანობაში დახარჯული თანხები საჯაროდ გახადოთ“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.