„მწარმოებელს უჭირს რეალიზაცია, რადგან კონკურენტად არის რუსული იაფი ღორი“ - რატომ იზრდება იმპორტი

„ცოცხალი ღორის იმპორტი ყოველწლიურად იზრდება, ეს განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ღორის ხორცზე მოთხოვნა მზარდია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეღორე ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ლაშა მორჩილაძემ განაცხადა.

როგორც მორჩილაძე აღნიშნავს, მოთხოვნა გაზრდილია როგორ სუპერმარკეტებში, ასევე პირად მოხმარებასა და წარმოების კუთხით.

„უფრო მეტი პროდუქტი მზადდება, ადგილობრივი წარმოებების რაოდენობაც გაიზარდა. გაიხსნა ახალი მცირე, საშუალო და დიდი ფერმები. მაგალითად, ბოლო პერიოდში ახალი ფერმა გაიხსნა კასპის რაიონში, რომელიც დღიურად 30 ღორს აწარმოებს“, - აღნიშნავს ლაშა მორჩილაძე.

საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ცოცხალი ღორის იმპორტი 20%-ით გაიზარდა. თუ გასულ წელს 16.4 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, წელს მაჩვენებლები 19.7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მორჩილაძის თქმით, მიუხედავად გაზრდილი იმპორტისა, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ღორი იმპორტულს აჭარბებს. უფრო კონკრეტულად, ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ღორის 55% ადგილობრივი წარმოების იყო, დანარჩენი კი შემოტანილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღორი ძირითადად რუსეთიდან შემოდის. მორჩილაძის თქმით, ადგილობრივ ფერმებს უჭირს კონკურენცია, რადგან რუსული ღორის ფასი გაცილებით იაფია, ვიდრე ქართულის. აღნიშნული კი განპირობებულია იმით, რომ წარმოება საქართველოში 2-ჯერ უფრო ძვირი ჯდება.

„რუსეთში ხორბლეული, ელექტროენერგია თუ მუშახელი, გაცილებით იაფია. საქართველოში კი ორჯერ-სამჯერ ძვირია. რუსეთში წარმოება იაფი ჯდება, ჩვენთან კი 2-ჯერ ძვირია. ყველა ადგილობრივ მწარმოებელს უჭირს რეალიზაცია, რადგან ყველგან კონკურენტად არის რუსული იაფი ღორი“, - ამბობს მორჩილაძე.

რაც შეეხება ფასებს, ცოცხალი ღორის ფასი ბაზარზე 5.5-6 ლარის ფარგლებში, ხოლო დაკლულის ფასი 10-11 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ფასი დამოკიდებულია იმაზე, პროდუქცია იმპორტულია თუ ადგილობრივი. ადგილობრივი ნაწარმი 50 თეთრი უფრო ძვირია, რადგან ხარისხობრივად შემოყვანილს სჯობს. იმპორტული და ადგილობრივი განსხვავდება გემოთიც, ფერითაც - ადგილობრივი მაღაზიები უფრო მეტს იხდიან ქართულ ღორში“, - განაცხადა ლაშა მორჩილაძემ.

მერი ტაბატაძე