საქართველოში ავტობუსებისა (M3) და მიკროავტობუსების (M2) თითქმის 94% 10 წელზე მეტი ასაკისაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში სულ 54.1 ათასი მიკროავტობუსი და ავტობუსი მოძრაობდა, საიდანაც 50.7 ათასი, ანუ 93.7% 10 წლის და მეტი ასაკის იყო.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი bpn.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში საუბარია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე, შესაბამისად, ამათგან რამდენი გადაადგილდება გზებზე, უცნობია.
თუმცა, გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მიმართვიანობა შედარებით დაბალია. ეს მაშინ, როდესაც მათი ტექნიკური გამართულობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მგზავრებს ემსახურებიან.
„ზოგადად, ამ სახის ტრანსპორტის მიმართვიანობა ტექინსპექტირების ცენტრებში, შედარებით, დაბალია. ეს დიდი პრობლემაა, რადგან მგზავრები გადაჰყავთ და ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველია მათი გამართულობის საკითხი.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, პირველად ტექდათვალიერებაზე M2 კატეგორიის დახარვეზების მაჩვენებელი 23% იყო, M3-ის -17%, განმეორებითზე, M2-ის 3% დახარვეზდა, ხოლო M3 – 8%.
რაც შეეხება 2024 წელს, ივლისის ჩათვლით პერიოდს, M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიდან ინსპექტირება ვერ გაიარა 24%-მა და M3-ის 18%-მა, ხოლო განმეორებითზე, M2-ის 6%-მა და M3-ის 7%-მა.
ძალიან რთულია განსაზღვრო რამდენი გაადვილდება გზებზე, იმიტომ, რომ ერთია აღრიცხვაზე იყოს, მაგრამ აქედან ბევრია დაშლილი, გაჩერებული ა.შ. იმ საერთო სტატისტიკაში კი, ეს ყველა შეყვანილია. ამიტომ, ზუსტი პროცენტულობა, გზაზე რამდენი გადაადგილდება, არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ იმათზე გვაქვს ინფორმაცია, ვინც მოგვმართა და დახარვეზდა.
ვფიქრობ, რაც უფრო ახალი იქნება აღნიშნული ტიპის ავტომობილები, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ მწყობრობიდან იყოს გამოსული და დახარვეზდეს ტექინსპექტირების დროს. რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ ეს პარკი უფრო აქტიურად განახლდება“,- ამბობს გიორგი შიოლაშვილი.