„ჩვენი მიზანია, მსოფლიო ტრენდად ვაქციოთ ღვინო სამკაულში“ - როგორც ბრენდ Wine Diamond-ის დამფუძნებელმა, თამარ აბულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა, ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ღვინო ჩაიდო სამკაულში.
„ღვინის კრისტალები არის ღვინის მჟავის კალიუმის მარილები, რომლებიც ბუნებრივად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ტემპერატურა -4 გრადუსამდე ეცემა. სიცივის დროს მინერალები გამოიყოფა და იმ ჭურჭლის კედლებზე მაგრდება, სადაც ასხია ღვინო. რა ფერის სასმელიც არის, იმ ფერის გამოდის კრისტალიც.
2021 წელს, როდესაც Wine Diamond-ი ჩამოყალიბდა, იმდენად მოთხოვნა არ იყო. თავიდან ყიდულობდნენ მეგობრები, შემდეგ მეგობრების მეგობრები და ამჟამად ის ცნობილია, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი. 2022 წელს გვქონდა 6-დღიანი გამოფენა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ასევე არაერთი მედიასაშუალებით გაშუქდა და დღეს ჩვენ გვიცნობს ძალიან ბევრი ადამიანი“, - აცხადებს თამარ აბულაძე.
მისი თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე პირველი შოურუმიც გახსნეს და ეს ასევე გახდა პირველი მაღაზია მსოფლიო მასშტაბით, სადაც ღვინისგან შექმნილი სამკაული იყიდება.
„ჩვენი სავაჭრო ნიშანი საქართველოში უკვე გვაქვს დაპატენტებული და ამ მიმართულებით საზღვარგარეთაც ვაგრძელებთ მუშაობას“, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად სამკაულს, თამარ აბულაძის თქმით, ზოგადად მოთხოვნაშია ქართული თემატიკა, თუმცა ამ ეტაპზე ვენეციის კინოფესტივალზე, ია სუხიტაშვილის მიერ წარმოდგენილი „პეპელა“ ლიდერობს.
„უმეტესად მოხოვნაში არის ქართული თემატიკით გაწყობილი სამკაული, ადმინისტრაციულ რეგიონებიდან დიზაინი, მაგალითად, საქართველოს საზღვრები. ასევე ქვევრი და ა.შ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფართო მასების წინაშე წარდგა მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელსაც ჩვენი სამკაული ამშვენებდა. მსოფლიო დონის ფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე ჩვენი სამკაული ისეთ ცნობილ ბრენდებთან ერთად გამოჩნდა, როგორიცაა „შანელი“, „დიორი“, „Tiffany & co”, „ბალენსიაგა“, „ლუი ვიტონი“ და ა.შ. ამ ფაქტმა ჩვენზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და ის მოდელი, რომელიც იას ეკეთა, ამ მომენტისთვის ყველაზე მოთხოვნადია“, - აღნიშნა მან.
თამარ აბულაძის განმარტებით, სამკაული ფასები 180 ლარიდან იწყება და 490 ლარამდე მერყეობს.
„ყველაზე ძვირადღირებული სამკაულია ბეჭედი, რომელსაც „8 000“ ეწოდება და რომელშიც რამდენიმე წლის მოსავლისა და მარნის კრისტალებია ჩადებული და ღირს 490 ლარი. საფასო კატეგორია ამ ეტაპზე 180 ლარიდან იწყება და 490 ლარამდეა. ნივთების საშუალო ფასი 200-დან 250 ლარამდეა. ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადი და გაყიდვადია. სხვათაშორის, ფასები იგივე გვაქვს, რაც დასაწყისში გვქონდა. ერთადერთი, რის მიხედვითაც ფასი შეიძლება შეიცვალოს, მოდელის დიზაინიდან და კრისტალების იშვიათობიდან გამომდინარეა“, - აცხადებს იგი.
რაც შეეხება ექსპორტს, აბულაძის თქმით, მათი მთავარი სამიზნე ევროკავშირი და ამერიკაა.
„მოთხოვნა უცხოეთიდანაც გვაქვს. ამ ეტაპზე სამკაული იყიდება ნიუ-იორკში. ვფიქრობთ ექსპორტის ქსელის გაფართოებას. სამომავლოდ რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაშიც ვაპირებთ მონაწილეობას. გვინდა, ჩვენი ბრენდი გავაცნოთ მსოფლიოს და ამას გაცილებით დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება, ამიტომ ექსპორტის თემები დაძრულია და ნელ-ნელა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი სამიზნე არის ევროკავშირი და ამერიკა.
გვინდა, რომ Wine Diamond-მა თავი მსოფლიოში დაიმკვიდროს, როგორც სრულიად უნიკალურმა ბრენდმა. მნიშვნელოვანია, რომ აქ დიდი ნიშა ჰქონდეს საქართველოს. გვსურს, მაქსიმალურად გვქონდეს გაფართოებული ცნობადობის არეალი მსოფლიოს მასშტაბით და ბევრ საერთაშორისო ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა“, - აცხადებს თამარ აბულაძე.