"ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოში თხილის მესამე მწარმოებელი გავხდებით"

"მაქსიმუმს ჩვენმა თხილის ექსპორტმა 2013 წელს მიაღწია, როცა შემოსავალმა 170 მილიონ დოლარს გადააჭარბა!"

თხილი ერთ-ერთი კულტურაა, რომლის მოსაშენებლად გლეხისთვის საქართველოში არასოდეს შეუწყვიათ ხელი. ამის მიუხედავად, ის წამყვან სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტად იქცა. მეტიც - წლეულს, როცა ყველაფრის ექსპორტი შემცირდა, თხილის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ განგება ადამიანს საშველს ყოველთვის მოუვლენს და იმ წლებშიც, როცა საქართველოდან თითქმის აღარაფერი გაჰქონდათ ექსპორტით, თხილმა გვიშველა. ოზურგეთში, ანასეულის მცენარეთა საკვლევი ინსტიტუტის მკვლევრისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, ვახტანგ გოლიაძის თვალწინ თხილი გურიასაც ნელ-ნელა აყენებდა ფეხზე.

- თხილი ჩვენთან ძირითადად სამეგ­რელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში მოდის. მთელი წარმოების 40% სამეგრელოშია, 18% კი გურიაში. თხილი ყველგან ბაზარმა ააღორძინა. გლეხმა თხილი სწორედ ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით დარგო. გურიამ, ციტრუსისა და ჩაის განადგურების შემდეგ, სულის მოთქმა თხილით დაიწყო. გლეხებს დარჩეული თხილი ტრადიციული საბჭოთა გზით გაჰქონდათ რუსეთში ზუგდიდიდან ან ლარსიდან.

თხილის პირველი მოსავლის მიღებას 3-4 წელიწადი სჭირდება, სრულ მოსავლიანობას კი 11 წელიწადში აღწევს. ჯერ თხილის გადამმუშავებელი პატარა საწარმოები შეიქმნა, 97-98 წლებიდან კი ქარხნებიც გაჩნდა. პლანტაციები იმდენად გაფართოვდა, დაუჯერებელი შედეგი მივიღეთ: ჩვენი თხილი მსოფლიოში წარმოებული თხილის 3%-ია, ანუ 30 ათას ტონამდე თხილს ვაწარმოებთ. მსოფლიოში თხილის 74%-ს, ანუ მილიონამდე ტონა გაუტეხავ თხილს თურქეთი აწარმოებს, 12%-ს - იტალია, აზერბაიჯანი - 4%-ს და მას ჩვენი ქვეყანა მოსდევს. აზერბაიჯანი იმით გვჯობნის, რომ თხილი­ გაცილებით მეტ ფართობზე აქვს. თუმცა ჩვენში თხილი იმდენად სწრაფად მრავლდება, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5 წელიწადში შეიცვლება. ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოში თხილის მესამე მწარმოებელი გავხდებით და ჩვენი წილი 5% იქნება.

- შთამბეჭდავი ციფრებია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ჩვენი თხილი თურქულზე იაფია 0,5-1,5 დოლარით, არადა, შრომა და გარჯა ნაკლებად არ სჭირდება.

- რას ვიზამთ, თხილის ძირითადი მწარმოებელი თურქეთია და მსოფლიო ბაზარზე ფასიც მისი კარნახით წესდება. თურქეთი უამრავ მუშახელს ასაქმებს, მათ შორის, ჩვენგანაც. მაგალითად, ოზურგეთიდანაც თურქეთში თხილის საკრეფად ბევრი მიდის. თუმცა, ანაზღაურება­ იმდენი არა აქვთ, რამდენიც ამ საქმეს­ შეეფერება. იმედი მაქვს, თხილის გაშენების პერსპექ­ტ­ივა ჩვენთანაც იზრდება. იმის დროც მოვა, რომ თხილზე დასაქმება ჩვენთანაც მაღალანაზღაურებადი გახდება. თხილი, პრაქ­ტიკულად, უნარჩენო წარმოების პროდუქტია, მისი ნაჭუჭიც კი გამოიყენება. საქარ­თველოდან მცირე რაოდენობით თხილის ფქვილი და ზეთიც კი გადის.

ჩვენი თხილის ფასზე ერთი ფაქტორიც ზემოქმედებს: შენახვის ტექნოლოგია ჩამორჩენილია. ამიტომაც მაღალია დაკრეფილი თხილის გაფუჭების რისკი. არსებობს თხილის სოკო, რომელიც თხილს აობებს და ამწარებს. თუკი დაკრეფილ თხილში სოკო 0,4%-ზე მეტზეა მოდებული, გასაყიდად გატანილი თხილი უკანვე ბრუნდება. 2000 წელს ოზურგეთიდან უკვე საზღვარზე გადატანილი თხილი მთლიანად უკან გამოგვიგზავნეს და რეგიონში ამ ბიზნესმა დიდად იზარალა. ამ მხრივ ევროკავშირის ახალი კანონი მეწარმისთვის დამზოგველია: გადასაგზავნი ტვირთი გამშვებ პუნქტზევე მოწმდება. გურიის ბიუჯეტისთვის თხილს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა დიდი შეკვეთებია, ჩვენი მწარმოებლები თხილს ზოგჯერ აზერბაიჯანშიც კი ყიდულობენ, რომ შემკვეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

- რეგიონების მიხედვით თუ განსხვავდება ჩვენი თხილი ხარისხით?

- ბუნებრივია განსხვავდება. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით მეტია ფასიც­. სამრეწველო ჯიშის თხილად ჩვენში მეგრული თხილი ითვლება, თუმცაღა ყველაფრით შემკული ვერაფერი იქნება და თუკი მეგრულ თხილს სამრეწველო თვისებები უფრო მაღალი აქვს, გურული თხილი უფრო სტაბილურია, მას ნაკლებად­ ახასიათებს მეწლეურობა (როცა ძირი წელიწადგამოშვებით ისხამს ნაყოფს). აქვს სხვა დადებითი თვისებებიც: მაგალითად, ჩოხატაურში გავრცელებულ გულშიშველას 90% ისე სცვივა, რომ ხელით მოკრ­ეფაც არ უნდა, ეს შრომას აიოლებს.

- ეკონომიკაზე საუბრისას ექსპერტები­ ამბობენ, რომ თხილს მაინც არ უკავია იმხელა ტერიტორია, როგორიც მის განვითარებას შეეფერება - 2011 წელს თხილის წარმოების ზრდის ტემპით საქართველომ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.

- მართალია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველი გლეხი ყოვლისშემძლე არ არის, რომ თუნდაც ბაზრის მოთხოვნით ყველაფერი შეძლოს. დიდი ტერიტორიების ათვისებას განვითარებული ტექნოლოგიები სჭირდება, რაც ჩვენ გვაკლია. ამიტომ გლეხი თხილს ან უკვე ძველ პლანტაციაში აახლებს (ამი­ს­თვის თხილი პერიოდულად ძირთან უნ­და­ გადაიჭრას, ზოგადად ხე 150 წლამდე ძლებს) ყოველ 2 წელიწადში, ან თავის კარ-მიდამოში აშენებს ახალ ნარგავებს. ამას ადვილად სწვდება: 1 ჰექტარზე თხილის ნერგების გახარებას, თავისი დარგვითა და შემოღობვით, 3.000 ლარი სჭირდება (400-დან 700 ძირამდე). გლეხი ამას უძლებს, სამაგიეროდ, ეს ფართობი 2 ტონამდე თხილს მისცემს და შემოსავალი, საშუალო გათვლით, 4.000 დოლარამდე ადის. თუმცა წელიწადსაც გააჩნია. წლეულს, მაგალითად, გურიაში თხილის მცირე მოსავალი იყო, ამიტომ გლეხი 1 კილოგრამ თხილს 8 ლარად აბარებდა. ვისაც ტექნოლოგიებიც აქვს და შესაძლებლობაც, ის დიდ ფართობებს ყიდულობს და თხილსაც ბევრს აშენებს. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა იტალიურმა კომპანიამ ზუგდიდში ყოფილი ჩაის პლანტაციების 2000 ჰექტარი შეისყიდა და დიდ ნაწილზე თხილი გააშენა. ეს ხალხი დახელოვნებულია ბიზნესის გონივრულად მართვაში: აქვე შექმნეს თხილის სანერგე­ებიც.

- სად გააქვთ ჩვენი თხილი?

- ჩვენი თხილის ექსპორტის 60% ევროპაზე მოდის, გადის გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, ბელგიაში, უკრაინაში. არსებობს მოთხოვნა რუსეთიდანაც, თუმცა ის, ცნობილი მიზეზების გამო, არასტაბილურია.

- რა შემოსავალს ვიღებთ თხილით?

- მაქსიმუმს ჩვენმა თხილის ექსპორტმა 2013 წელს მიაღწია, როცა შემოსავალმა 170 მილიონ დოლარს გადააჭარბა! გარდა ამისა, თხილის კრეფაზე უამრავი მუშახელია დასაქმებული. ოზურგეთში არა მხოლოდ თხილის აღების პერიოდში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს მუშაობენ თხილის მიმღები პუნქტები, ნებისმიერ სეზონზე იბარებენ. თუ გლეხი თხილს შემოდგომაზევე არ ჩააბარებს, ფასი გაზაფხულზე მაქსიმუმამდე აიწევს. მიმღები პუნქტები 1 კგ-ზე 20-30 თეთრ შემოსავალს იღებენ, ქარხნებს ძირითადად ისინი ამარაგებენ.

- მოკლედ, თხილს უნდა ვუვლიდეთ, მაგრამ მისი მავნებელიც გამრავლდა. ბევრმა გლეხმა არ იცის, რა მავნებელი ჰყავს მის პლანტაციას და როგორ ებრძოლოს.

- ვერ ეცოდინება. თხილს 300 სახის მავნებელი ჰყავს, საქართველოში კი 100-მდე მავნებელი ანადგურებს: ფოთლიჭამი­ები, ტკიპები, ცხვირგრძელები, ამერიკული თეთრი პეპელა, სიდამპლეები, სოკოები, ფოთლის ვირუსული დაავადებები, ხმობა... ჩვენი გლეხი წლების გამოცდილებითა და საკუთარი ოსტატობით ამ მავნებლებიდან ბევრს სპობს, მაგრამ ბევრსაც ვერაფერს უხერხებს, რადგან მისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ აუცილებელია გლეხის ცოდნის ამაღლება და ლაბორატორიები ყველა რეგიონში, რათა გლეხს მავნებელთან ბრძოლის მეთოდები ასწავლონ. არსებობს ბროშურებიც, სადაც თხილის ყველა მავნებელთან ბრძოლის ხერხებია აღწერილი.

ეთერ ერაძე

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"