„ნებისმიერ ტურისტულ ლოკაციაზე რომ მიხვიდეთ, თუნდაც თბილისის სიახლოვეს, ნახავთ რა ხდება, ვისაც არ ეზარება, თურქი, ჩინელი, რუსი, ინდოელი, უკრაინელი, ყველანაირი წარმოშობის ადამიანი ატარებს ექსკურსიებს“,- ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ bpn.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, შედეგად, ქვეყანაში შემოდის უამრავი ტურისტი, რომელსაც ადგილობრივი მომსახურება არ სჭირდება.
„უამრავი პრობლემაა ტურისტულ სექტორში, რომელსაც მიხედვა სჭირდება. ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარია უცხოელი გიდების, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის და რეგისტრაციის არმქონე კომპანიების საქმიანობა საქართველოში. ჩვენი კომპანია მუშაობს და იხდის გადასახადებს, ამ დროს არიან უცხოელი ბიზნეს სუბიექტები, თუ კერძო პირები, რომლებიც მუშაობენ ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ეს უკვე სისტემატურია.
ნებისმიერ ტურისტულ ლოკაციაზე რომ მიხვიდეთ, თუნდაც თბილისის სიახლოვეს, ნახავთ რა ხდება, ვისაც არ ეზარება, თურქი, ჩინელი, რუსი, ინდოელი, უკრაინელი, ყველანაირი წარმოშობის ადამიანი ატარებს ექსკურსიებს. ამ დროს, მაგალითად, იტალიაში რომ ჩავიდე და მოვინდომო ტურის ჩატარება, ვინ მალაპარაკებს?! შანსი არ მაქვს, რომ ლიცენზიის გარეშე იქ ტური ჩავატარო, აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველა თავის გემოზე, როგორც უნდა ისე აკეთებს.
შედეგად, ქვეყანაში შემოდის უამრავი ტურისტი, რომელსაც ადგილობრივი მომსახურება არ სჭირდება“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.