„მგზავრი ვალდებულია ტრანსპორტში ასვლისთანავე შეიძინოს ბილეთი. ამიტომ კონტროლიორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, როცა აღმოაჩენს, რომ მგზავრს არ აქვს ბილეთი, ის დააჯარიმოს“,- ამის შესახებ ადვოკატმა ანა აბრამიშვილმა რადიო „პლაიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერიას ტრანსპორტის მგზავრებთან ე.წ. ცალმხრივი შეთანხმება აქვს, რომლის ტექსტიც გამოკრულია ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. შესაბამისად, მგზავრი ვალდებულია დაემორჩილოს მას და ბილეთი ტრანსპორტში ასვლისთანავე აიღოს.
„ტრანსპორტში არის წერილობითი ფორმით გამოკრული, მერიის ე.წ. ცალმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თუ მგზავრი ასვლისთანავე არ შეიძენს ბილეთს, მერიას უფლება აქვს დააჯარიმოს. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უნდა დავემორჩილოთ მას.
ახლა პრაქტიკა ძირითადად ასეთია, რომ კონტროლიორები გაჩერებებზე არიან და ტრანსპორტიდან ჩამოსვლის დროს ამოწმებენ არის თუ არა აღებული ბილეთი. კონტროლიორი არ ითვალისწინებს ტექნიკურ მიზეზებს, მაგალითად, როგორიც არის ბარათის დაზიანება“,- აღნიშნა იურისტმა.
იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი ჯარიმას არ ეთანხმება, მას გასაჩივრების უფლება აქვს.
„თუ მგზავრი არ ეთანხმება ჯარიმას, მას შეუძლია გაასაჩივროს. არასრულწლოვანისთვის გამოწერილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება მშობელს ეკისრება.
არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა გამოიწერა ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას თუ უშუალოდ მგზავრობის დროს, მას შემდეგ, რაც კონტროლიორი საჯარიმო ქვითარს გადასცემს მგზავრს და ის უკვე ითვლება ჩაბარებულად. მგზავრს 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად“,- განმარტა ანა აბრამიშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, 20-ლარიანი ჯარიმის გასაჩივრებისთვის მგზავრს არ უღირს აიყვანოს ადვოკატი და ამისთვის ფინანსურად დაიხარჯოს. ამიტომ, კონტროლიორები ჯარიმის დაწერისას არ ითვალისწინებენ არაფერს, რადგან ჯარიმა მაინც არ გასაჩივრდება და მათ არავინ შეედავება.