ოქროს ფასმა მორიგ რეკორდს მიაღწია

ოქროს ფასი მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. თბილისის დროით 10:20 საათისთვის მისი ღირებულება 2 655 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიან ინტერვალში თითქმის 5%-იანი ზრდაა, წლიურად კი ოქროზე ფასმა 36.7%-ით მოიმატა. ამ გზით, ძვირფასი მეტალის ფასის საპროგნოზო 2 700 დოლარამდე შესრულებას სულ ცოტა უკლია.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, Comex-ის ბირჟაზე ერთი უნცია 2 625 დოლარად ივაჭრებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, საბაზისო წლიური საპროცენტო განაკვეთი 50 პუნქტით, 4,75–5,25%-მდე შეამცირა.

მანამდე ტრეიდერები პროგნოზირებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფედრეზერვი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებდა, ის ოქროს მხარდაჭერას გამოიწვევდა, რაც რეალურად მოხდა კიდეც. ოქროში ინვესტიციების ზრდის ძლიერი არგუმენტებია, ასევე, მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეშფოთება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და საფონდო ბირჟის ცვალებადობა-არამდგრადობის სავარაუდო ზრდა.

ეკა დარჩიაშვილი