ვინ "ბერავს" სტიქიით დაზარალებულთა სიას

სვანიძის ქუჩა სტიქიიდან ორი კვირის შემდეგაც ტალახიანი, დანგრეული და ხალხმრავალია. დილიდან საღამომდე მისი და ვერეს ხეობის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კი სახლებიდან გადარჩენილი ნივთები გააქვთ. ამბობენ, რომ მათი ზარალის აღსაწერად ხელისუფლებიდან ჯერ არავინ მოსულა. ოჯახების დაკარგული ქონება არავის აღურიცხავს. რაც შეეხება დაზარალებულ ადამიანთა სიას, რომელიც მერიაში აქვთ, იგი 2-3-ჯერაა გაბერილი. შესაბამისად, შიშობენ, რომ დაზარალებულთა სიაში ზედმეტი ხალხის შეყვანა მავანთ ხელის მოთბობის საშუალებას მისცემს. ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ დედაქალაქის მერიასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და ამბობენ, რომ როგორც ადამიანების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა უკვე რამდენიმე დღის წინ თავად ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტელეკამერების თანდასწრებით ჩატარდა. ახლა კი ეს ინფორმაცია მუშავდება, რის შემდეგაც თითოეული ოჯახის კომპენსაციისათვის საჭირო თანხა გახდება ცნობილი.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სვანაძის ქუჩაზე, ისევე როგორც სტიქიის კვალდამჩნეულ ყველა ადგილას, განსაკუთრებული წესები მოქმედებს. ტერიტორიაზე ადგილობრივებისა და ჟურნალისტების გარდა არავის უშვებენ, რათა მიმდინარე სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს. ქუჩაზე გადაადგილებისას კი რამდენიმე ადგილას შეგხვდებათ სპეციალური სითხეებით სავსე ხელსაბანები, სადაც საინფორმაციო ფურცელიცაა გაკრული, რომელიც ყველას ხელების დეზინფექციისაკენ მოუწოდებს. ქუჩაზე სულ 23 ნომერია, მაგრამ თითოეულ ნომერში რამდენიმე სახლი დგას. თითოეული ეზოსა და სახლის კარი ღიაა. მთელი ტერიტორია ტალახით მოსვრილი საყოფაცხოვრებო საგნებითაა მოფენილი - ავეჯით, ტექნიკით, ჭურჭლით, წიგნებით, სათამაშოებით, ოჯახური ფოტოებით და სხვა წვრილმანით.

ადგილზე სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ჯარისკაცები იმყოფებიან, რომლებიც ქუჩისა თუ ხეობის გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართულნი. იქვეა მოსახლეობაც, რომლებიც საკუთარ სახლებთან ყოველდღე მოდიან. მათი უდიდესი უმრავლესობა სასტუმროებსა თუ ნაქირავებ ბინებშია გახიზნული. ქუჩაზე ღამეს მხოლოდ ერთი ოჯახი ათევს. მათი სახლის მეორე სართული წყალმა შედარებით ნაკლებად დააზიანა და ცხოვრება შესაძლებელია.

რეპორტაჟის მზადებისას დაახლოებით 8 ოჯახის წარმომადგენელს ვესაუბრეთ და თითოეულმა მათგანმა გვითხრა, რომ მათი ზარალის აღსაწერად არც მერიიდან და არც სხვა რომელიმე უწყებიდან არავინ მისულა.

ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, თითოეული ოჯახის ზარალი საკუთარი ძალებით აღწერონ და ამისათვის "სვანაძის ქუჩაზე მცხოვრებ დაზარალებულთა კომიტეტი" ჩამოაყალიბეს, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარეც ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილია. მათ "ფეისბუკის" საკუთარი გვერდიც შექმნეს, სადაც ასევე არაერთხელაა აღნიშნული, რომ ოფიციალურ პირებს დანაკლისი არ აღურიცხავთ. კომიტეტმა საკუთარი ძალებით თითოეული ოჯახის ზარალის აღწერა სწორედ ჩვენი იქ ყოფნის დროს დაიწყო.

მოგეხსენებათ, ელიზბარაშვილი ოჯახთან ერთად ამავე ქუჩაზე ცხოვრობდა და აქვე ჰქონდა ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია და ძაღლების თავშესაფარი. "მთელ კვირასთან" საუბრისას ელიზბარაშვილი ამბობს, რომ პირადად მისი ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს, რადგან მთლიანად განადგურდა მისი სამსართულიანი სახლი, თავშესაფარი, რომელიც 2 მილიონი ლარის ღირებულების იყო და ასევე კომპანია "ელიზი ჯგუფის" შენობა, საქონელი, ავტომობილები თუ ტექნიკა-დანადგარები. მისი თქმით, მხოლოდ გაფუჭებული საქონლის ღირებულება 12 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება მთლიანი ზარალის ზუსტ ოდენობას, დანარჩენი მოსახლეების მსგავსად, ელიზბარაშვილიც ამბობს, რომ ეს მერიიდან არავის დაუთვლია, შესაბამისად, ზუსტ თანხებზე საუბარი უჭირს.

"ტყუილია, თითქოს მერიამ დაზარალებულთა სახლები და ქონება უკვე აღწერა. ეს მტკნარი სიცრუეა. არცერთი დაზარალებულის სახლში არავინ შესულა თავად სახლის მეპატრონის ან ოჯახის წევრების თანხლებით. თუ ოჯახის წევრების თანდასწრების გარეშე შეისეირნეს მერიის თანამშრომლებმა, რა აღწერეს? როგორ უნდა შეაფასონ ქონება? რამდენიმე დღის წინ ბატონი სოზარ სუბარი იყო აქ, რამდენიმე დაზარალებულს შეხვდა და უთხრა აჭარის მაღალმთიან რაიონებში დაზარალებულებს ჩვენ 20 ათას ლარს ვაძლევთ და თქვენც არ უნდა გქონდეთ მეტის იმედიო. მთავრობის ერთ-ერთი წევრის ასეთი საქციელის გამო გადავწყვიტეთ კომიტეტის შექმნა, რომელიც თითოეული დაზარალებულის უფლებას დაიცავს. ისე კი, ღრმად მწამს, რომ მთავრობის ყველა წევრი ბატონი სოზარივით არ ფიქრობს. თანხა, რომელიც დაზარალებულთა ფონდშია მობილიზებული და სადაც ფული კერძო პირებმა, ბიზნესმენებმა, ქართულმა დიასპორამ შეიტანა, მხოლოდ დაზარალებულებზე უნდა განაწილდეს. ჩვენს ხარჯზე ხელი არავინ უნდა მოითბოს. კომიტეტის პირველი შეკრება პარასკვს გაიმართა, რომელსაც მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ ვუთხარით, რომ საქმეში გვერდში ვუდგავართ და გვინდა დაზარალებულთა განსახლება ან ქონების კომპენსაცია სამართლიანად გადაწყდეს. მათგან პირველ რიგში სვანაძის ქუჩაზე მცხოვრებ დაზარალებულთა სიის გადმოცემა მოვითხოვეთ, რადგან ვიცით, რომ იმ სიაში რეალურ დაზარალებულებზე ბევრად მეტია შეყვანილი. გვინდა, რომ ეს სია გადმოგვცენ, ჩვენ იქ ზედმეტი ხალხი გავცხრილოთ და მათ ზუსტი სია მივაწოდოთ",- ამბობს ელიზბარაშვილი.

დაზარალებულთა კომიტეტის მხარდამჭერი იურიდიული კომპანია "სამართლის სახლია", რომლის დამფუძნებელიც თამაზ ელიზბარაშვილია. იურისტებმა ქონების აღწერის ოქმიც შეიმუშავეს, რომელსაც თითოეული ოჯახი შეავსებს და აღწერს, თუ რა ზარალი განიცადა კონკრეტულად უძრავი თუ მოძრავი ქონების სახით. ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ჯერ მერიის მუშაობას დააკვირდებიან. თუკი მორიგდებიან, იურიდიული კომპანიის ჩართვა საჭირო აღარ გახდება, ხოლო თუ ასე არ მოხდება, პირობას დებს, რომ იურისტებთან ერთად ბოლომდე იბრძოლებს.

"სახელმწიფო ვალდებულია, ამ ხალხს ზარალი ბოლო თეთრამდე აუნაზღაუროს, რადგან ღრმად მწამს, რომ ის ტრაგედია, რაც დატრიალდა, სახელმწიფოს ბრალი იყო. ლევან ვასაძე 8-9 თვით ადრე აფრთხილებდა მერიას, რომ წყნეთი-ბეთანიის გზა ჩამოწვებოდა, რომ სანიაღვრეები კომუნისტების შემდეგ აღარ გაწმენდილა. ამის შესახებ მერიაში არაერთი წერილი გაგზავნა, მაგრამ არავინ არაფერი გააკეთა. ამისათვის სულ 7 მილიონი იყო საჭირო. ეს თანხა სჭირდებოდა იმ 19 ადამიანის გადარჩენას, ამიტომ ახლა კეთილი ინებონ და ხალხს გვერდში დაუდგნენ. დღეს აღწერას ვიწყებთ. როგორც გითხარით, დაზარალებულთა სია 500 კაციანია და აქედან მინიმუმ ნახევარი ამოსაყრელია. მაგალითად, ამ სიაში შეყვანილი არიან ჩემი დები, სიძეები, დედაჩემი, მამაჩემი, რომელთაც არანაირი ზარალი არ უნახავთ. თავადაც არ იციან, როგორ მოხვდნენ ამ სიაში. ასეთი ძალიან ბევრია. ვინ შეიყვანა? 2 კვირა გავიდა და მერიამ ისიც კი ვერ შეძლო, რომ დაზარალებულთა სია გადმოეცა", - აცხადებს ბიზნესმენი.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სვანაძის ქუჩის მცხოვრებთა ზარალი არავის აღუწერია, ქუჩის 23 ნომერში მცხოვრები თამარ გორგაძეც ადასტურებს.

"იმ ღამეს წყალს სასაფლაოზე გავასწარით. გორაზე ავედით და წყალმა რომ დაიკლო, მერე ჩამოვედით. ჩემი სახლი გადარჩა, მაგრამ მქონდა ცალკე მდგომი შენობა, რომელიც აღარ არის და ასევე ჩემი მეუღლისა და შვილების სახლები, რომლებიც ასევე დაიტბორა. ზარალი რამდენია, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი განადგურდა - სახლები, ავეჯი, ტექნიკა. ახლა ჩენი კომიტეტი თავად აღრიცხავს ზარალს. ყველაზე მეტად იმის გვეშინია, რომ ჩვენს სიაში სხვებიც არ მიაწერონ. სტიქიიდან ორი კვირა გავიდა და სახელმწიფოს ამ დროში რაღაც უნდა გადაეწყვიტა", - ამბობს ქალბატონი თამარი.

ხათუნა ზუმბულიძის ოჯახი ქუჩაზე ყველაზე დიდი ფართის მფლობელია. მისი ეზო, რომელზეც რამდენიმე სახლია განთავსებული, 2 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. სტიქიამ სახლების ნაწილი მთლიანად გაანადგურა, ნაწილში კი მხოლოდ მეორე სართული გადარჩა. "იმ ღამეს ოჯახში ათი კაცი ვიყავით. ამ ათიდან სამი მცირეწლოვანი ბავშვი იყო, სამიც - ცოტა მოზრდილი. კიდევ კარგი, არ გვეძინა, თორემ სახლი წყლით იმდენად სწრაფად აივსო, რომ ვერანაირად ვერ გავასწრებდით. იმ დღიდან მე სახლიდან საერთოდ არ წავსულვარ. სტიქიის დღიდან სულ აქ ვარ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენამდე არავინ მოსულა. არც ზარალი აღუწერია ვინმეს და არც კომპენსაციაზე დაგვლაპარაკებია. ამდენი ხანი გავიდა და ჯერ არავინ გამოჩენილა. ასე რომ, ბევრი არაფრის იმედი მაქვს. ცოტა ხნის წინ ინვესტორებს ჩვენი მიწის ყიდვა უნდოდათ და მარტო მიწა ნახევარ მილიონად შეაფასეს. ამას დაუმატეთ სახლებისა და ავეჯის თუ ტექნიკის ღირებულება. არ ველი, რომ მთლიან ზარალს ამინაზღაურებენ", - ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალბატონი ხათუნა.

სვანაძის ქუჩის მცხოვრებლების ნათქვამს კატეგორიულად უარყოფენ მერიაში და ამბობენ, რომ მათ ზარალი დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ჯერ კიდევ წინა კვირაში დაითვალეს. იმათ კი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარებათ, ურჩევენ, ინტერნეტში ტელევიზიებით გადაღებული კადრები მონახონ. "რას ლაპარაკობთ, კადრებიც კი არის გადაღებული, სადაც ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. გასულ კვირას ჩვენ აზომვებს ვახოციელებდით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო კი თავად მოსახლეობას აღწერდა. მათი ნათქვამი უცნაურია. ყველაფერი უკვე აღიწერა და ზარალის დადგენაც პრაქტიკულად სრულდება. ინფორმაცია ჯამდება, რის შემდეგაც უკვე კრიტერიუმების ჩამოყალიბებას დავიწყებთ. აღწერას სახლების მფლობელებიც ესწრებოდნენ და კადრებში ესეც ჩანს. როგორ შეიძლებოდა, ზარალის აღწერა თავად დაზარალებულების გარეშე დაგვეწყო?! ეს ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა. სპეციალური ტენტები იყო გაკეთებული, რომელშიც ჩვენი და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ. იქ იყო ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძეც და ჩვენი ქონების მართვის სააგენტოც, რომელიც აქტიურად შრომობდა", - გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა.

რაც შეეხება მოსახლეობის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ დაზარალებულთა მერიის ხელთ არსებული სია ზედმეტად გაბერილია, პოპიაშვილი ამბობს, რომ მასში ის ადამიანები, ვინც ქუჩაზე არ ცხოვრობდა, ან არ დაზარალებულა, ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. "თუ სიაში თავად დაზარალებულები არ შეიყვანდნენ უცხო პირებს, მაშინ ისინი ვერანაირად ვერ მოხვდებოდნენ. გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური საიტი htlp.tbilisi.gov.ge, სადაც ამ მოსახლეობის სრული საჭიროებებია შეყვანილი. არათუ ავეჯი და ტექნიკა, არამედ ბავშვებისათვის სათამაშოები და პამპერსიც კი. ამაზე მეტი მხარდაჭერა რაღა უნდა იყოს", - აღნიშნავს პოპიაშვილი.

იგივეს ამბობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და ადასტურებენ, რომ აღწერას თავად დაზარალებულებიც ესწრებოდნენ. "თითოეული ადამიანის პირადი მონაცემები გვაქვს, ანკეტებია შევსებული და ყველას ხელი აქვს მოწერილი. აღწერისას კარვები თამარაშვილზე იყო გაშლილი. ამაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის სამინისტრო, მერია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ჩვენი სამინისტროს ეკომიგრანტთა დეპარტამენტი, ასევე დევნილთა დეპარტამენტიც, ვინაიდან ჩვენ ამ საქმიანობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ყველა ოჯახის წევრს ვესაუბრეთ, მათი პირადობის მონაცემები ჩავინიშნეთ, მათგანვე გავიგეთ, თუ ვის რა ზარალი მიადგა, რა ჰქონდათ სახლში, ედგათ თუ არა ეზოში ხეხილი და ა.შ. შემდგომ უკვე წყნეთის ხევში ჩავატარეთ ანალოგიური აღწერა და ახლა უკვე ახალდაბაში ვატარებთ. კომპენსაციის ოდენობა ჯერ ცნობილი არაა, რადგან მასალები ახლა შეგროვდა. კომისია შედგა და დაითვლება", - ამბობს სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი დალი გოგოლაძე.

რაც შეეხება დაზარალებულებთან სოზარ სუბარის შეხვედრისას გაჟღერებულ კონკრეტულ თანხას, 20 ათაის ლარის კომპენსაციას, სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის სიტყვები არასწორად იქნა გაგებული. "მინისტრმა უბრალოდ ხალხს ის აუხსნა, თუ რატომ იყო ჩართული ამ პროცესში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. მოქალაქეებს უკვირდათ და მინისტრმა ახსნა, რომ ჩვენ ეკომიგრანტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, თუ როგორ ხდება სტიქიით დაზარალებულთა აღწერა, უთხრა, რომ მეთოდოლოგიას ჩვენ ვფლობთ და ამ გამოცდილებას ვუზიარებთ. მსგავს აბსურდს არავინ დაიჯერებს. ის მედიასაშუალებაც ვიცი, ვინც ეს ინფორმაცია შეგნებულად გაავრცელა. ამგვარ სულელურ განცხადებას მინისტრი როგორ გააკეთებდა?! ზარალი ჯერ ახლა ითვლება და ვინ რა იცის, რამდენია გადასახდელი", - აცხადებს გოგოლაძე.

თაკო მათეშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"