ქვეშეთი-კობის მაგისტრალიდან გუდაურამდე ახალი 5 კილომეტრიანი გზა გაიჭრება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განუმარტეს, ახალი გზა სოფელი ზაქათკარიდან გაიჭრება, მისი დასრულება კი 2025 წელს იგეგმება.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეშეთი - კობის მისასვლელი გზის სახელშეკრულებო გზის ნაწილის ღირებულება დაახლოებით, 316 მილიონ ლარს შეადგენს.
„ქვეშეთი - კობის საავტომობილო გზის პროექტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს გუდაურის მისასვლელი საავტომობილო გზა. აღნიშნული საავტომობილო გზა დაიწყება ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის კმ8-დან (სოფელი ზაქათკარი) და დასრულდება/მიუერთდება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზას სოფელ სეთურებთან.
აღსანიშნავია, რომ გუდაურის მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაწყებულია ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში და მისი დასრულება იგეგმება 2025 წელს. ასევე გაცნობებთ, რომ ქვეშეთი - კობის მისასვლელი გზის სახელშეკრულებო (გზის ნაწილი, ლოტი 2) ღირებულება შეადგენს დაახლოებით 316 მილიონ ლარს,“- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ქვეშეთი - კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგამდე მგზავრობას 1.20 სთ დასჭირდება.
ამასთან, უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას მოიცავს, ასევე, 1 ხიდის რეაბილიტაციას.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ სჭირდება, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ დასჭირდება.
ცნობისთვის, პროექტი საქართველოს მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.