შეიქმნება უფრო ხელსაყრელი გარემო ჩინეთის სატრანზიტო და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოსაზიდად - „რკინიგზა“

ჩინეთის ქალაქ სიანში, საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრისას დაიგეგმა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით საჭირო გადაზიდვების პროცესის და რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა შენსის პროვინციის გუბერნატორთან, სიანის მერთან და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი პორტის ხელმძღვანელობასთან. სწორედ სიანის სახმელეთო პორტი უზრუნველყოფს ძირითად ტვირთნაკადებს ევროპის მიმართულებით.

რკინიგზის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ და ერთობლივ სამუშაო პროცესზე, რომლის საშუალებით შეიქმნება უფრო ხელსაყრელი გარემო ჩინეთის სატრანზიტო და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოსაზიდად შუა დერეფნის გავლით ევროპისა და თურქეთის მიმართულებით.