რა ღირს ოქრო თბილისის „ოქროს ბირჟაზე“  - ფასებმა საშუალოდ, 20 ლარით მოიმატა

მსოფლიოში ოქროს გაძვირების პარალელურად, ძვირფასი ლითონის ნაკეთობებზე ფასები იზრდება საქართველოშიც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა სინჯის ერთი გრამი ოქრო თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ 15-20 ლარით უკვე გაძვირდა.

დღეს 1 გრამი ოქრო 585 სინჯით, 200 ლარი ღირს, აგვისტოში კი მისი ფასი 180 ლარს შეადგენდა.

1 გრამი ე.წ ბაჯაღლო, 958 სინჯით 235 ლარიდან იწყება, მაშინ, როცა ერთი თვის წინ, მისი ღირებულება 220 ლარიდან იწყებოდა.

ცნობისათვის, ოქროს ფასი მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ დროისთვის მისი ღირებულება 2 655 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიან ინტერვალში თითქმის 5%-იანი ზრდაა, წლიურად კი ოქროზე ფასმა 36.7%-ით მოიმატა. ამ გზით, ძვირფასი მეტალის ფასის საპროგნოზო 2 700 დოლარამდე შესრულებას სულ ცოტა უკლია.

ეკა დარჩიაშვილი