მესტიის მუნიციპალიტეტში, 4 პროექტის ფარგლებში, 51 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად, სრულად განახლდება დაზიანებული გზა და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
„ზემო და ქვემო სვანეთის სარეაბილიტაციო გზები მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ზაგრის უღელტეხილზე ებმის ერთმანეთს.
პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება აღმოსავლეთ რეგიონებიდან სოფელ უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო. ხარისხიანი და უსაფრთხო საავტომობილო გზა მოძრაობას უფრო კომფორტულს გახდის და ტურისტებს გადაადგილებას გაუადვილებს.
პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.