შავ ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის გამო, ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გემმა შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა. "სამართალდამრღვევის მიმართ გატარდა საჯარიმო სანქციები. კერძოდ, გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი. გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის, 65000 ლარის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვა", - აცხადებენ უწყებაში.