ჩინური კორპორაცია China Railway Container Transport Corp (CRTC) საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის ერთობლივ საწარმოში Middle Corridor Multimodal-ში შესვლისთვის ემზადება - ამის შესახებ EastFruit-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Middle Corridor Multimodal-ში შესვლის სურვილი ჩინურმა მხარემ ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში გამოთქვა. სექტემბერში კი მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზებმა ერთობლივი საწარმო Middle Corridor Multimodal 2023 წლის ოქტომბერში დააფუძნეს. აღნიშნული საწარმო შეიქმნა ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც გულისხმობს შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაციას, ამ მარშრუტის პოპულარიზაციას, ტარიფების გამჭვირვალობას, სტაბილური სისტემის შექმნას და ქვეყნებს შორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
2024 წლის დასაწყისიდან ჩინეთის პორტებიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზით 212 საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი უკვე გაიგზავნა. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს შავი ზღვის პორტებში ტვირთების მიწოდების ვადები საშუალოდ 10-12 დღეს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში ჩინეთის რკინიგზა მალე დაიწყებს ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებას, რაც გულისხმობს ყირგიზეთსა და უზბეკეთში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. ეს მარშრუტი შეძლებს უზრუნველყოს საქონლის მიწოდება ჩინეთიდან ყირგიზეთში, ასევე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში და შემდგომ ევროპაში. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი არა მხოლოდ რეგიონების ქვეყნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ის გახდება შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით დააკავშირებს.
„ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურმა კრიზისმა მკვეთრად გაზარდა შუა დერეფნის გლობალური მნიშვნელობა. წითელ ზღვაში გადაზიდვის პრობლემებმა ალტერნატიული მარშრუტების მიმართ ინტერესი გამოიწვია. საზღვაო ტვირთების გადაზიდვის ღირებულების მკვეთრმა ზრდამ კონკურენტუნარიანი გახადა სახმელეთო და მულტიმოდალური გადაზიდვები. მათი მთავარი უპირატესობაა მოგზაურობის დროის დაზოგვა, პროგნოზირებადობა და უსაფრთხოება“, - წერს East-Fruit-ი.