ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი თანამდებობრივი პოზიცია არ მაძლევს საშუალებას, ეროვნულ ბანკის ხელმძღვანელს რამეში ღიად დავდო ბრალი

უნდა ვაღიაროთ, რომ თავიდანვე იყო გაუგებრობა, კომუნიკაციის ნაკლებობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ასავალ-დასავალთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"დიახ, ეროვნული ბანკის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მხრიდან შესაძლებელი იყო, მოსახლეობისთვის უფრო კარგად აგვეხსნა, თუ რა იწვევდა ლარის კურსის ვარდნას, რაც, პირველ ეტაპზე, სათანადოდ ვერ გაკეთდა. საერთოდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დოლარიზაციის მაღალი დონე. ჩვენს მოქალაქეებს ბანკებიდან სესხები აღებული აქვთ დოლარში. ლარში რომ ჰქონდეთ აღებული, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მათთვის ასეთი მტკივნეული არ აღმოჩნდებოდა. შესაძლოა, კურსის ვარდნა არც კი ეგრძნოთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავრობის მხრიდან ყოველთვის არსებობდა ეროვნულ ბანკთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი, რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და არა პირადი სურვილებისა და ემოციების მიხედვით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, პრემიერის თქმით, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნული ბანკის პროგნოზი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, უახლოესი თვეების განმავლობაში ლარის კურსის შემდგომი ვარდნა მოსალოდნელი არ არის. გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი, პრემიერმა განაცხადა, რომ მისი თანამდებობრივი პოზიცია არ აძლევს საშუალებას, ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს რამეში ღიად დასდოს ბრალი. "ჩემგან, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრისგან, ამის გაკეთება მართებული არ იქნება. თუმცა ერთ რამეს პირდაპირ ვიტყვი – თუ იკვეთება, რომ ესა თუ ის ადამიანი რაიმე ფორმით ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ და ყველა შესაძლო საფრთხის პრევენცია მოახდინონ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.