„გასულ წელს თურქეთიდან არანორმალურად დიდი იმპორტის გამო ადგილზე წარმოება შევამცირეთ, რომ პროდუქტი არ გაგვფუჭებოდა“

„გასულ წელს ქვეყანაში თურქეთიდან კვერცხი ისეთი რაოდენობით შემოდიოდა, რომ იმპორტიორებს გაყიდვა უჭირდათ. ამის ფონზე ადგილზე წარმოება შევამცირეთ, რომ პროდუქტი არ გაგვფუჭებოდა “,- ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, იმპორტის შარშანდელი მაჩვენებლები ადგილობრივი მეწარმეებისთვის დიდი გამოწვევა იყო, წელს კი სიტუაცია დასტაბილურდა და იმპორტი ჩვეულ მონაცემებს დაუბრუნდა.

„გასულ წელს არანორმალურად იყო გაზრდილი საკვები კვერცხის იმპორტი თურქეთიდან. იმიტომ, რომ მაშინ ძალიან გაუფასურდა ლირა და ყველა ეძებდა გარე ბაზრებს. ქვეყანაში კვერცხი ისეთი რაოდენობით შემოდიოდა, რომ გაყიდვაც კი უჭირდათ იმპორტიორებს.

თურქეთში თვითღირებულება სხვა იყო, იქ გასაყიდი კიდევ სხვა და საქართველოში კიდევ უფრო იაფად შემოდიოდა. ამას დემპინგს ვერ დავარქმევთ, რადგან დემპინგს დამტკიცება სჭირდება, მაგრამ იმდენად დიდი რაოდენობით და ისეთი ფასით შემოჰქონდათ რომ, გარკვეულწილად, არასამართლიანი იყო. წელს იმპორტი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც იყო შარშანწინ და იმის წინ. გვჭირდება თუ არ გვჭირდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ თურქეთიდან კვერცხი ყოველთვის შემოდის.

წელს იმპორტი, დაახლოებით სამჯერ და მეტჯერაც იყო შემცირებული, თუ ბოლო თვეებს არ ჩავთვლით. ამას ადგილობრივ წარმოებასთან კავშირი არ აქვს, რადგან არაფერი განსაკუთრებული ადგილობრივ ბაზარზე არ მომხდარა, წარმოება არ გაზრდილა. პირიქით, რაღაც ეტაპზე, 1,5-2%-ით შემცირდა კიდეც, რადგან გასული წლის ჭარბი იმპორტის გამო პროდუქტი არ გაგვფუჭებოდა.

შარშანდელმა იმპორტმა ფასზე დადებითი გავლენა ვერ მოახდინა. არაპროფესიონალები საუბრობენ ხოლმე, რომ დიდი რაოდენობით იმპორტი ფასს შეამცირებს, მაგრამ ასე არ არის. კვერცხი შარშან უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე წელს. წელს ჩვენ ფასი შევამცირეთ, რადგან მარცვლეულიდან გამომდინარე გარკვეული შესაძლებლობა გაგვიჩნდა ამისთვის“,- აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

როგორც მან განმარტა, მწარმოებლები მაღალი ფასით არ არიან დაინტერესებული, რადგან ამ დროს რეალიზაცია ნაკლებია.

„ჩვენ უმეტესად რუსულ ხორბალზე ვართ დამოკიდებული და მათი მოსავლის მოლოდინი კარგი იყო. შარშან უკეთესი წელი ჰქონდათ, თუმცა წელსაც კარგ მოსავალს ელოდნენ, ამიტომ დაცალეს გასული წლის მარაგები და შედარებით დაბალ ფასად გაყიდეს. ამან საშუალება მოგვცა, რომ კვერცხის ფასი ცოტათი, დაახლოებით 5%-ით, შეგვემცირებინა. მაღალი ფასი მწარმოებლის ინტერესი არ არის, რადგან ამ დროს რეალიზაცია ნაკლებია.

როდესაც იმპორტი განუსაზღვრელად დიდი არ არის და ჩვენი პროდუქციის რეალიზების დონის განსაზღვრა შეგვიძლია, ასეთ დროს გვაქვს საშუალება ფასიც შევამციროთ და ხარისხიც ადგილობრივი კვერცხის უფრო კარგია ხოლმე, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა იმპორტული პროდუქტი სიცხეში უმაცივროდ შემოდის“,- განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ნათია ზარიძე