თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხვალ მინისტრის თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ წულუკიანმა რეჟისორ, გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ მახსოვს საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს.

თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა, ვნახავთ, იმიტომ, რომ ამ სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები. მე სადაც ვარ, იქ მსახიობად ვმუშაობ.... დამიბარეს, მივდივარ და ძალიან მალე როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული“, - აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ.

თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიაშია, შესაბამისად 26 სექტემბრის ჩათვლით თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.