ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 56.12 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 464.14 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.15%-ით მეტი).
აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 699.21 მლნ ლარით, ანუ 2.89%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.24%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 235.07 მლნ ლარით, ანუ 0.75%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.46%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 52.18 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.68 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.52 პროცენტული პუნქტით).
აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.89% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.02%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.16%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.75%, ხოლო ევროს წილმა 20.59% შეადგინა.