სპეციალისტის ინფორმაციით, აჭარაში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო

აჭარის რეგიონში შავი ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო, – ამის შესახებ აჭარის გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ განაცხადა. პაპუნიძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის დაწყებიდან შავი ზღვის წყლის მონიტორინგი სისტემატურად, 10 დღეში ერთხელ ხორციელდება. შემოწმება კი ექვსი ინგრედიენტით, აჭარის რეგიონში, 8 წერტილში სარფიდან ჩოლოქამდე ტერიტორიაზე ხდება.

"საბანაო სეზონი მაისის თვიდან დაიწყო, ჩვენც შესაბამისად ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ ვახორციელებთ. შერჩეული გვაქვს მოსახლეობისა და დამსვენებლის აქტიური დასვენების 8 წერტილი. გავდივართ მცურავი საშუალებით, კატერით და ვიღებთ სინჯებს. ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს შესაბამის ლაბორატორიასთან, რომელსაც აქვს საერთაშორისო, ISO სტანდარტი და სინჯების აღებიდან ყოველ მეხუთე დღეს გვაქვს შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ დღემდე წარმოდგენილი ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევებით ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი მთელს პერიმეტრზე არის დამაკმაყოფილებელი. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელს გაცილებით უკეთესია ზღვის წყლის ხარისხი, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. უკეთესობისკენ ცვლილებები განაპირობა იმან, რომ ბათუმში გამართულად მუშაობს ფეკალური და საყოფაცხოვრებო წყლების გამწმენდი ნაგებობა", - განაცხადა ნუგზარ პაპუნიძემ.

გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ყველაზე უკეთესი მდგომარეობა სარფსა და კვარიათშია, სადაც ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმასთან შედარებით 15-ჯერ უკეთესია.