"რუსთავის ფოლადი" სამსახურიდან რამდენიმე ასეულ თანამშრომელს დაითხოვს

შპს "რუსთავის ფოლადი" სამსახურიდან რამდენიმე ასეული თანამშრომლის დათხოვნას იწყებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საწარმოს გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ კაჩუხაშვილმა განაცხადა, მძიმე გადაწყვეტილება გამოწვეულია როგორც გლობალური ფაქტორებით, კერძოდ საერთაშორისო ბაზრებზე ლითონის ნაკეთობათა ფასების მკვეთრი შემცირებით, ასევე ადგილობრივი - კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული გაუმართლებელი სასამართლო პროცესებით გამოწვეული შეზღუდვებით.

როგორც შპს "რუსთავის ფოლადის" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ფოლადის ნაწარმზე ფასები 2014 წლის ბოლოსათვის საშუალოდ 40%-ით შემცირდა. ამან გამოიწვია "რუსთავის ფოლადის" საფინანსო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. "2015 წლის დასაწყისიდან კომპანიის მენეჯმენტმა გაატარა ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები, რაც ქარხანას საშუალებას აძლევდა, ფუნქციონირება გაეგრძელებინა კადრების მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე. ამასთან ერთად, უკანასკნელ წლებში რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე აბსურდული სასამართლო დავა. სამწუხაროდ, ამ დავების ფარგლებში გაუმართლებლად შეიზღუდა საწარმოს აქტივების, განსაკუთრებით კი, წიდის მარაგის გამოყენება. ჩვენ პერიოდულად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ დავების შესახებ. მაგალითად, ვინმე ეთერ მთვრალაშვილის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის გამო, რომელიც 4553 ლარს და 48 თეთრზე დავობდა, აკრძალვა დაედო კომპანიის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებას. ეს შეზღუდვები ბევრად ზრდის ნედლეულის ხარჯებს საწარმოსთვის, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ კომპანიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს", - განაცხადა ნუგზარ კაჩუხაშვილმა.

მისივე თქმით, მენეჯმენტი იძულებულია, მიმართოს მის ხელთ არსებულ ბოლო შესაძლებლობას და ხარჯების შემცირების მიზნით მასობრივად დაითხოვოს თანამშრომლები. "რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ წარმოებული აბსურდული დავები კვლავ განხილვის პროცესშია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოები სამართლიან, ადეკვატურ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც თავიდან აგვაცილებს კომპანიის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შემცირებას", - განაცხადა ნუგზარ კაჩუხაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა იყო 2500-მდე, თებერვალში შპს რუსთავის ფოლადი იძულებული გახდა შეემცირებინა 360 თანამშრომელი. დღეს თანამშრომლების რაოდენობა 2100-ია. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად იგეგმება თანამშრომელთა შემცირება 300-500 ადამიანით. მისივე თქმით, ეს ციფრი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, გათავისუფლებულ თანამშრომლებს ერთთვიანი კომპენსაცია მიეცემათ, ხოლო გასათავისუფლებელი ადამიანები შეირჩევიან სამუშაოს დროს ეფექტურობის მიხედვით.

ამასთან, პრესკონფერენციას ესწრებოდა შპს "რუსთავის ფოლადის" ადვოკატი, იურისტი გოჩა გოგიშვილი, რომელმაც სასამართლო დავების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო განხილვა. შპს რუსთავის ფოლადის იურისტი სასამართლო პროცესების გაჭიანურებაზე საუბრობს. "იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი სასამართლო პროცესები ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც წინა, შესაბამისად, ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება საშუალება, გავიდეთ ძველ სიმძლავრეზე და ხელახლა დავიწყოთ კადრების აყვანა იმიტომ, რომ არ იყოს მნიშვნელოვანი წყვეტა და არ გამოიწვიოს ამან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები მოსახლეობისთვის", - აღნიშნა გოჩა გოგიშვილმა.