„ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მაღალი ფასები“,- ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ bpn.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ფასები ევროპულს გაუტოლდა, თუმცა ხარისხი მოთხოვნებს არ პასუხობს.
როგორც მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, წლიდან წლამდე იზრდება სასტუმროს, რესტორნის, ტურისტულ ზონების ღირებულება, ასეთ ვითარებაში კი, ტურისტების მოზიდვა სულ უფრო გაჭირდება.
„ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მაღალი ფასები. მაგალითად, კონკრეტულ რესტორნებში, ერთი უცხოელის ვახშამზე, თავის ღვინით რომ ვიხდიდით 25 ლარს, დღეს ვიხდით 45 ლარს. ავსტრალიელებს ცოტა მაღალბიუჯეტური ტურები აქვთ და უფრო ძვირიან სასტუმროებს და რესტორნებს ვუკვეთავთ მათთვის, ფასებია ენით აღუწერელი და წარმოუდგენელი. ევროპას დავეწიეთ და გავასწარით ფასებით. უკვე კაცზე 100 ლარი არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის შეუსაბამოა.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათი მოთხოვნები სიტუაციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. უცხოელი რომ ჩამოდის ტურით, მან კონკრეტული ფასი არ იცის (მაგალითად, რესტორანში რას იხდის), იმიტომ, რომ მას თავის ქვეყანაში აქვს გადახდილი პაკეტის ღირებულება, რაშიც შედის ყველაფერი. მაგრამ იცის, რომ საკმაოდ ძვირი გადაიხადა და შესაბამისი ხარისხიც უნდა იყოს. სამაგიეროდ, მე ხომ ვიცი, რა ფასებია და ისიც მახსოვს, რა ღირდა კოვიდამდე. გავიგე, რომ ცხოვრება გაძვირდა, მაგრამ არც ისე უსაშველოდ. თუნდაც ენერგომატარებლების ფასი რომ ავიღოთ, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით, მშვენივრად ვხედავთ იგივე საწვავის ღირებულებას „პლატსის“ მიხედვით. დენი, გაზი, წყალი დაახლოებით იგივე ფასია, რაც კოვიდამდე.
გავიგე, რომ კეთილდღეობა იზრდება, გავიგე, რომ ბიუჯეტი გაიზარდა, მაგრამ ლოგიკასთან ხომ უნდა იყოს მიახლოებული, ხომ არ შეიძლება საქართველოში ფასი გქონდეს იგივე, რაც არის გერმანიაში, იტალიაში, ან ბრიტანეთში. მაშინ აქ ანაზღაურებაც იგივე უნდა იყოს. საშუალო ევროპული ხელფასი 1000-1500 ევრო ჩვეულებრივ ამბავია, ამ დროს კონკრეტული პროდუქტის ფასები რომ შეადარო, აქ უფრო ძვირი გამოდის. თუ ფასი მაღალია, მაშინ ხარისხიც მაღალი უნდა გვქონდეს. ვეღარ ვეწევით, კბილებით გვიჭირავს ფასი. პრაქტიკულად ჩამოვიყვანეთ თვითღირებულებაზე, არ გავაძვირეთ, ოღონდ ჩამოვიდნენ. თვითმფრინავი, კვება, სასტუმრო რომ ძვირდება, მეც იძულებული ვხდები, რომ ფასი გავზარდო. თუ ყოველწლიურად გავუძვირეთ, აღარ ჩამოვლენ ტურისტებიც. მაგალითად, პოლონელი იტყვის, რომ თქვენ ისეთი უსაშველოდ დიდი ფასი გაქვთ, მირჩევნია პორტუგალიაში გავფრინდე. მაშინ რით ვიზიდავთ ტურისტებს?! მაშინ, უნდა გქონდეს ადეკვატური და ექსკლუზიური შეთავაზებები, როგორც დუბაიშია. მაგალითად, ზაფხულში დახურული სათხილამურო კურორტი, „დისნეილენდი“, ათასი რამეა, რაზეც მიხვალ და დახარჯავ ფულს.
ამ დროს, ჩვენთან რა ხდება, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, წლიდან წლამდე არაფერი იცვლება, სამაგიეროდ ძვირდება. რაღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?! თან აძვირებენ შუა სეზონის დროს. აპრილში, მაისში, უცებ გამოგიგზავნიან რომ გაძვირდა. ამ დროს მე პაკეტში უკვე ჩადებული მაქვს ის ფასი, რომელიც იყო. რა უნდა ვქნა?! პარტნიორს ხომ არ ვეტყვი, გაგვიძვირდა და ფასი უნდა დავამატო-მეთქი, მე უნდა გადავიხადო ჩემი ჯიბიდან.
თან გვინდა, რომ ტურიზმის ხარჯზე განვითარდეს ქვეყანა და აღორძინდეს ეკონომიკა, ამ დროს საკუთარი პროდუქტი, კარტოფილი და პომიდორი არ გვაქვს, რომ შევთავაზოთ, იმპორტით შემოგაქვს. ადრე რომ იყო, რესტორანში შედიოდი და ნამდვილ ქართულ საჭმელს შეჭამდი, ადგილობრივი პროდუქტისგან დამზადებულს, ახლა აღარ არის. არის უცხოური და თან ძვირი“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.