„შეიცავს ბუნდოვან, დაუსაბუთებელ ინფორმაციას“ - შემოსავლების სამსახური Sky News-ის რეპორტაჟზე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შემოსავლების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ტელეკომპანიის მიერ მოყვანილი ფაქტები მეტ სიცხადეს საჭიროებს.

მათივე განმარტებით, არცერთი ფაქტი არ არსებობს, იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოდან წამოსული სანქცირებული მსუბუქი ავტომობილი, საქართველოს გავლით ტრანზიტის, ექსპორტის ან რეექსპორტის რეჟიმით რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გაიგზავნა.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით.

სიუჟეტი სათაურით: „უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაწესებული სანქციების მიუხედავად Sky News ააშკარავებს, რომ ფუფუნების სეგმენტის ავტომობილები მაინც ხვდება რუსეთში“ - შეიცავს ბუნდოვან, დაუსაბუთებელ ინფორმაციას და ტელეკომპანიის მიერ მოყვანილი ფაქტები მეტ სიცხადეს საჭიროებს.

პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელი ჟურნალისტი საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტების მისაღებად, არ დაკავშირებია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ წყაროებთან მიმართვისა და ფაქტების გადამოწმების გარეშე, ტელეკომპანია Sky News-მა მიმდინარე წლის თებერვალშიც მოამზადა რეპორტაჟი, რასაც შემოსავლების სამსახურმა ოფიციალური განცხადებით უპასუხა.

https://rs.ge/NewsArchive?newsId=1218

რაც შეეხება 24 სექტემბერს გამოქვეყნებულ მასალას, რეპორტაჟში არ არის დაკონკრეტებული, რომელი ქვეყნის სტატისტიკაზეა საუბარი, როდესაც ავტორი ასახელებს 26 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ექსპორტის მოცულობას და გაურკვეველია, რა ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა ის.

Sky News-ის ჟურნალისტი აცხადებს, რომ ავტომობილების კავკასიაში მოხვედრის შემდეგ, მათი კვალი მონაცემთა ბაზებში ქრება და „რადგან ძვირადღირებული ავტომობილები საზღვარზე ფიზიკურ პირებს გადაჰყავთ, ეს ინფორმაცია საბაჟო მონაცემებში არ აისახება“. სიუჟეტში არ კონკრეტდება, რომელი ქვეყნის საბაჟო მონაცემებს გულისხმობს ბრიტანელი ჟურნალისტი.

როგორც Sky News-ის ჟურნალისტი ამბობს, მის მიერ სიუჟეტისთვის გადაღებული ყველა ძვირადღირებული მანქანა სანქცირებულია და მათი გადაყვანა საზღვარზე ნიშნავს სანქციების გვერდის ავლას.

ამ კონკრეტულ საკითხზე შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ, მათ შორის, სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთის ფედერაციაში ან ბელარუსში შეტანასაც.

საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება.

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას.

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ამასთან, აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც ფიზიკური პირის პირად საკუთრებაშია, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.

აგრეთვე, სხვა საქონლისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად, მოწინავე ტექნოლოგიური ან მაღალპრიორიტეტული საქონელი, არცერთი ამ ქვეყნის სანქციების რეგულაციით არ იკრძალება მსუბუქი ავტომობილების მესამე ქვეყნის დანიშნულებით, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის გავლით ტრანზიტულად გაგზავნა.

შესაბამისად, საქართველო ცალმხრივად ვერ აკრძალავს ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის პროცედურებს იმ საქონელთან მიმართებით, რომელზეც სანქციების რეგულაციების მიხედვით, არ ვრცელდება აკრძალვები/შეზღუდვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი პარტნიორ უწყებებთან ერთად, მკაცრ კონტროლს ახორციელებს ტრანზიტული ნომრის მქონე ავტომობილებზე და დეტალურად ეცნობა წარდგენილ სათანადო დოკუმენტაციას.

სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, არ არსებობს არცერთი ფაქტი, იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოდან წამოსული სანქცირებული მსუბუქი ავტომობილი, საქართველოს გავლით ტრანზიტის, ექსპორტის ან რეექსპორტის რეჟიმით გაიგზავნა რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით.

სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია, თითქოს მანქანების უმრავლესობას სარეგისტრაციო ნომრები არ აკრავს - არ შეესაბამება სინამდვილეს. საბაჟო საზღვრის კვეთისას, ფიზიკური პირი მებაჟე ოფიცერს წარუდგენს მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილს დროებით სანომრე ნიშნით, რომელიც გაიცემა დროებით მოწმობასთან ერთად და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის შიგნით.

რაც შეეხება Sky News-ის რეპორტაჟს, მართალია ავტორი საქართველოს (და შესაბამის უწყებებს) ცალსახად ვერ ასახელებს სანქციების არიდების ქვეყნად, მაგრამ გამოქვეყნებული მასალა, სხვადასხვა ქართული მედიასაშუალების მხრიდან, სამწუხაროდ, კვლავ გამოყენებულ იქნა საკუთარ ქვეყანაზე თავდასხმისა და საბაჟო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საშუალებად“, - ნათქვამია განცხადებაში.