„ეს წელი იყო ძალიან ტურბულენტური - პოლიტიკური პროცესების მიმართ ბიზნესს იმუნიტეტი გამოუმუშავდა“

„პოლიტიკური პროცესების მიმართ ბიზნესს იმუნიტეტი გამოუმუშავდა“ - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, წლევანდელი წლის ტურბულენტურობა ბიზნეს-ინდექსზეც იასახა.

„ჩვენი ინდექსი, რომლის გამოქვეყნებაც 2019 წლიდან დაიწყო, ეფუძნება ჩვენი წევრი ბიზნესის ზედა დონის მენეჯმენტის მოსაზრებებს, შესაბამისად, ჩვენ კვარტალურად ვეკითხებით და შემდეგ ვაქვეყნებთ ამ მოსაზრებებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს განწყობა.

BAG-ინდექსი შედგება სამი კომპონენტისგან: ეს არის ბიზნეს-კლიმატის ინდექსი, საინვესტიციო ინდექსი და დასაქმების ბარომეტრი.

წლევანდელი წელი იყო ძალიან ტურბულენტური და ეს ამ ინდექსშიც აისახა. პოლიტიკური პროცესების მიმართ ბიზნესს იმუნიტეტი გამოუმუშავდა და წლევანდელმა წელმა ეს აჩვენა. სულ მცირე, ყველაფრის მიუხედავად ბიზნესმა ვალდებულებები უნდა გაისტუმროს: ხელფასები, საფინანსო ინსტიტუტების მოზიდული კაპიტალი და ა.შ. წლევანდელი ვარდნის მერე, დაახლოებით ორ თვეში მოხდა აღდგენა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მოთხოვნა პროდუქტზე არ უნდა შემცირდეს, სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებულ სირთულეებს ბიზნესი არ ელოდება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისათვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ გამოაქვეყნა - ინვესტიციების კვლევა; დასაქმების ბარომეტრი და ბიზნესგარემოს შეფასება.

ეკა დარჩიაშვილი