წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „სავანე“ აუქციონზე ვერ გაიყიდა

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „სავანე“ აუქციონზე ვერ გაიყიდა. ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგებიდან ირკვევა, რომ შენობის შეძენის სურვილი არავის გამოუხატავს. სააგენტოს „სავანე“ აუციონზე 2 123 400 ლარად ჰქონდა გამოტანილი.

ცნობისთვის, წყალტუბოში რუსთაველის ქუჩა N19-ში მდებარე სანატორიუმის ტერიტორია 15 091 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობებს აერთიანებს. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, სანატორიუმის შემსყიდველს ხელშეკრულების დადებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი და რესტორანიც უნდა გაეერთიანებინა. ვალდებულებების შესასრულებლად პრეტენდენტს არანაკლებ 6 370 200 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

შეგახსენებთ, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი გრძელდება.

მერი ტაბატაძე