"მხოლოდ ელექტრონულად, უცხო ქვეყნებში მცხოვრები 128 000 მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა ცესკო ამბობს, რომ ასეთი მხოლოდ 67 000 პირია"

ყველა ვიმსახურებთ მეტ გამჭვირვალობას, უცხო ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი ათიათასობით მოქალაქე მობილიზდა, აღრიცხვაზე დადგა და სად წავიდნენ ეს ადამიანები? რატომ ამოიღეს სიიდან, სად წავიდა ეს ხალხი, ამაზე პასუხი გვჭირდება, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ლომჯარია განმარტავს, 9 აგვისტოს მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე საარჩევნო ასაკს მიღწეული საქართველოს 67 000 მოქალაქე იდგა, ცესკო-ს მონაცემებით კი, ახლა ასეთი 65 000 ადამიანია. „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას საგარეო საქმეთა სამინისტროც არ აკეთებს.

„როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვიცით, მხოლოდ ელექტრონულად, 128 000-მა მოქალაქემ გაიარა საკონსულოში რეგისტრაცია. 9 აგვისტოს 67 000 მოქალაქე - 18 წლის ასაკს მიღწეული პირი იდგა საკონსულო აღრიცხვაზე და დღეს, ცესკო-მ გამოაქვეყნა მონაცემი, რომ მხოლოდ 65 000 მოქალაქის შესახებ მიაწოდა მათ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია, რომ თითქოს, მხოლოდ 65 000 ამომრჩეველი იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. სრულიად გაუმჭვირვალეა პროცესი, მთელი დღის განმავლობაში ვუსმენთ ცესკო-ს სხდომას და არანაირ ინფორმაციას არ იძლევიან, სად გაქრნენ ის ადამიანები, რომლებიც, თუნდაც, საიტზე ოფიციალურად იყვნენ დარეგისტრირებული? ამის შესახებ არავინ განმარტებას არ აკეთებს, საგარეო საქმეთა სამინისტროც კი. ჯერ გვჭირდება პასუხები, სად წავიდა ეს ხალხი და შემდეგ ალბათ, უკვე იმაზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომ გააქრეს ეს ადამიანები, რამდენად კანონიერი იყო მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა. ჯერ უბრალოდ, პასუხებიც არ გვაქვს, რატომ ეს რიცხვი, საიდან მოვიდა 65 000?

ძალიან რთულია ახლა ვარაუდებზე საუბარი, რადგან პასუხები არ მოგვისმენია, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ცესკო-დან მკაფიო განმარტებები არ მოგვისმენია, თუ რაშია საქმე. ჩემს ვარაუდებზე არ მინდა საუბარი, რადგან მანიპულაციური იქნება. ყველა ვიმსახურებთ მეტ გამჭვირვალობას, ეს ადამიანები, უცხო ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი ათიათასობით მოქალაქე მობილიზდა, აღრიცხვაზე დადგა და სად წავიდნენ ეს ადამიანები? რატომ ამოიღეს სიიდან და სად წავიდა ეს ხალხი, ამაზე პასუხი გვჭირდება“, - განაცხადა ლომჯარიამ.