„თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა საერთოდ უნდა აიკრძალოს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ურბანისტმა ირაკლი მურღულიამ განაცხადა.
მანვე ყურადღება გაამახვილა მშენებლობების მზარდ რაოდენობაზე, რაც დღეს დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დედაქალაქში 2 679 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 2 152 ნებართვა საცხოვრებელზე მოდიოდა. ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წლებში წლიურად გაცემული ნებართვების რაოდენობა 9 ათასიდან 11 ათასის ფარგლებში მერყეობდა.
საცხოვრებელი მშენებლობების რაოდენობასთან ერთად, მზარდია თბილისის მოსახლეობაც. მაგალითად, 2020 წლის შემდეგ დედაქალაქში მოქალაქეთა რიცხოვნობა დაახლოებით 73.7 ათასით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს თბილისში 1.18 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობდა, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი მაცხოვრებელთა რაოდენობა 1.25 მილიონამდე გაიზარდა.
„ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის სისტემა ქალაქების მოსახლეობის რაოდენობის ურთიერთშეფარდების კუთხით. კერძოდ, თუ ყველაზე დიდი ქალაქი პირობითად არის 1.2 მლნ მოსახლით, ნორმალური მდგომარეობა რომ იყოს, მას უნდა მოჰყვებოდეს 2 ქალაქი 600 ათასიანი მოსახლით, 3 ქალაქი 400 ათასი მოსახლით და ა.შ. ანუ დიდი ქალაქის შემდეგმა ქალაქებმა უნდა შეადგინოს ის რაოდენობა, რაც ყველაზე დიდ ქალაქშია.
საქართველოში ეს არის სრულიად დარღვეული, მაგალითად თბილისი თუ არის 1.2 მილიონიანი, ბათუმი და ქუთაისი უნდა იყოს 600 ათასიანი ქალაქები, რასთანაც ახლოსაც კი არ ვართ. ან მეორე ვერსია, რუსთავი და ქუთაისი უნდა იყოს მეორე ქალაქები, თუ რუსთავი შეივსება, შემდეგი როლი ქუთაისმა უნდა იტვირთოს. თბილისი კი მაქსიმუმ 500 ათასიანი ქალაქი უნდა იყოს. ამ პრობლემას ვერ ვაგვარებთ, შესაბამისად, ამ ვითარებაში მინიმუმ თბილისის უკიდეგანო ზრდის შეჩერება შეგვიძლია,“ - ამბობს ურბანისტი.
ირაკლი მურღულია აღნიშნავს, რომ დედაქალაქში ბევრი ძველი, ექსპლუატაცია ამოწურული და საცხოვრებლად სახიფათო შენობა-ნაგებობაა. მისი თქმით, ნაცვლად ახალი შენობების მშენებლობისა, აღნიშნული ნაგებობები უნდა ჩანაცვლდეს.
„ქალაქში ძალიან ძველი, ექსპლუატაციაამოწურული შენობებია; არის ძალიან ბევრი მოუვლელი ისტორიული შენობა, სადაც ცხოვრება სახიფათოა ან იმის გამო, რომ გაუარესებულია საცხოვრებელი პირობები, არავინ არ ცხოვრობს; ძალიან ბევრი გვაქვს ასევე ე.წ ცივი საწოლი, ანუ სახლები, რომელსაც ყიდულობენ, ვერ აქირავებენ, არ ცხოვრობენ და მხოლოდ უძრავ ქონებად არის დასაწყობებული.
ამ ყველაფერს ერთმანეთს თუ გადავაბამთ, ცხადი ხდება, რომ პერიფერიებსა და ცარიელ ადგილებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა ავკრძალოთ, მით უმეტეს კორპუსების, რომლებიც ძალიან დაბალი ხარისხისაა. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ახალი კორპუსების მშენებლობა და ახალი ტერიტორიების ათვისება აიკრძალოს. ეს გამოიწვევს იმას, რომ ქალაქის ცენტრში არსებული შენობების ჩანაცვლება მოხდება, გაიზრდება ფასები და გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები,“ - აღნიშნავს ირაკლი მურღულია.